განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 5 ნოემბერს უკვე წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და წარდგენილი ახალი პროექტის თანახმად, ბიუჯეტის მეორე განხილვისთვის განათლების სამინისტროსა და მისი პროგრამებისთვის ჯამურად განკუთვნილი თანხები თითქმის ოთხ მილიარდამდეა – 3 709,6 მლნ ლარი (3 მილიარდ 709 მილიონ 600 ათასი ლარი).
“განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298,9 მლნ ლარით და განისაზღვრა 3 001,1 მლნ ლარით (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 73,1 მლნ ლარით). ამასთან აღსანიშნავია, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს შეადგენს 3 709,6 მლნ ლარს”, – წერია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
რომელ პროგრამაზე რამდენით გაიზარდა განათლების სამინისტროს დაფინანსება:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 2 099,2 მლნ ლარი, რაც პროექტის პირველად ვერსიას 16,3 მლნ ლარით აღემატება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა. გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან გათვალისწინებულია სადამრიგებლო დანამატის გაორმაგება;
ინკლუზიური განათლება – 138,4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობის და მათი ხელფასების ზრდა (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 11,0 მლნ ლარით);
პროფესიული განათლება – 263,0 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 15,0 მლნ ლარით);
უმაღლესი განათლება – 266,7 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 19,0 მლნ ლარით). პროგრამის ფარგლებში 105,0 მლნ ლარია გათვალისწინებული უმაღლესი განათლების რეფორმის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 97,3 მლნ ლარი;
ახალგაზრდობის მხარდაჭერა – 26,5 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 4,0 მლნ ლარით).
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე ხარჯები 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვისთვის გაზრდილია სხვადასხვა მიმართულებებით და მათ შორის განათლების სამინისტროს მიმდინარე ხარჯები ბიუჯეტის წინა პირველ ვარიანტთან შედარებით 50 მილიონი ლარით.
“განათლების ხარჯები გაზრდილია 450 მილიონ ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება; განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 830 მილიონი ლარი”.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განმარტებით ბარათში წერია, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო. გარდა ამისა რიგ უწყებებში საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე გაზრდილია საშტატო ერთეულები (ჯამში 2 ათასამდე შტატი) რისი გათვალისწინებითაც შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია 468 მილიონი ლარით.
ასევე იხილეთ:
-
სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება – ვის ეხება
by ARIS.GE-განათლება
-
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მსოფლიო უმაღლესი განათლება – პრობლემები და UNESCO IESALC-ის ცხრა ნაბიჯი ქვეყნებს
by ARIS.GE-განათლება
-
ერთ წელში მეცნიერულ კვლევებსა და ექსპერიმენტებში 282 მილიონზე მეტი დაიხარჯა – მკვლევრების ოდენობა საქსტატის მიხედვით
by ARIS.GE-განათლება

