„გვჯერა, აბიტურიენტები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საკუთარ მომავალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუკავშირებენ“ – KIU-ს რექტორი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტთა პირველი ნაკადს უკვე რამოდენიმე კვირაში უმასპინძლებს. უნივერსიტეტში სწავლება წელს სამ საბაკალავრო პროგრამაზე განხორციელდება: კომპიუტერული მეცნიერებები, მენეჯმენტი და მათემატიკა. როგორც უნივერსიტეტში აცხადებე, KIU-ში სტუდენტებს ეყოლებათ ქართველი და გერმანელი პროფესორები, დარგის სპეციალისტები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებული პროგრამებით ასწავლიან სტუდენტებს მაღალტექნოლოგიურ გარემოში. იმ აბიტურიენტების მოლოდინი, რომლებმაც არჩევანი KIU-ზე გააკეთეს, დიდია. იმ აბიტურიენტებს კი, რომლებსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებიათ, წინ საინტერესო ინტერვიუ ელით.
რას მიიღებს აბიტურიენტი KIU-ში, რაც საქართველოს რეალობაში არცერთ უმაღლეს სასწავლებელს არ გააჩნია? რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე? სტუდენტების შიდა სტიპენდიებისა ან გრანტების რა პრინციპი იმოქმედებს უნივერსიტეტში და ვის შეეძლება მათი მიღება? როგორ ემზადება უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის და როდის დაიწყება სწავლა? – ამ კითხვებზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე დეტალურად გვესაუბრა.
– დასრულდა ეროვნული გამოცდები და 2020 წლის აბიტურიენტებს ჯერ კიდევ აქვთ თავიანთი არჩევანის ცვლილების შესაძლებლობა პრიორიტეტულ უნივერსიტეტებში, რას ეტყვით დღეს მათ, რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე?
ა.თ.: პირველ რიგში ვულოცავთ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებას. გვიხარია, რომ ასობით აბიტურიენტმა თავის არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებზე შეაჩერა – ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ და ველოდებით თითოეულ მათგანს. ჩვენი უნივერსიტეტი ნიჭიერ და გამორჩეულ ახალგაზრდებს განსაკუთრებული სასწავლო გარემოთი შეხვდება.
KIU სტუდენტებს სთავაზობს:
- თანამედროვე ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს
- ევროპული სტანდარტის განათლებას
- საერთაშორისო აკადემიურ პერსონალს
- საუნივერსიტეტო გრანტებს და დაფინანსებას
- საერთაშორისო სტაჟირებისა და გაცვლით პროგრამებს
- ცოდნის გამოყენებაზე ორიენტირებულ სწავლებას
- ინტერაქტიულ ელექტრონული სწავლების გარემოს
- სტუდენტების სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამებს
გვჯერა აბიტურიენტები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საკუთარ მომავალს, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუკავშირებენ. უნივერსიტეტში დასრულდა მშენებლობის პირველი ფაზა: სექტემბრიდან სტუდენტებს დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. თითოეული ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიაზე სტუდენტებს ქონდეთ საუკეთეო გარემო სწავლისა და დასვენებისთის.
როგორც იცით ჩვენი უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM-თან და TUM International GmbH-თან). უნივერსიტეტის საოპერაციო მოდელი და საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია TUM-თან პარტნიორობით. საერთაშორისო პროფესორები, რომლებიც საუნივერსიტეტო კამპუსში უკვე ორ კვირაში გამოჩნდებიან, სწორედ მიუნხენიდან გვეწვევიან.
– რას მიიღებს აბიტურიენტი თქვენს უნივერსიტეტში, რაც საქართველოს რეალობაში არცერთ უმაღლეს სასწავლებელს არ გააჩნია?
ა.თ.: შეგვიძლია თამამად გითხრათ, რომ დღეს არათუ საქართველოში, მთელს სამხრეთ კავკასიაში არაა მსგავსი ტიპის უნივერსიტეტი საკუთარი მასშტაბური კამპუსითა და განვითარების გეგმებით.
საამაყოა, რომ ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა უნივერსიტეტმა სწორედ ჩვენთან პარტნიორობა გადაწყვიტა. KIU-ს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო გარემო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წელს, პანდემიის პირობებში. უცხოეთში მგზავრობისა და სწავლების სირთულეების ფონზე სტუდენტები შეძლებენ ჩვენთან, ქუთაისში მიიღონ ევროპული სტანდარტების განათლება, როდესაც სასწავლო პროცესში ჩართული იქნებიან უცხოელი პროფესორები, ხოლო უნივერსიტეტის კამპუსზე ახალგაზრდები შეძლებენ ეზიარონ სტუდენტური ცხოვრების სტილს მინიმალური დანახარჯებით.
გარდა ამისა, ჩვენი სტუდენტები სწავლის პროცესშივე მიიღებენ შესაძლებლობას განახორციელონ ინდივიდუალური პროექტები, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით და სასტიპენდიო პროგრამებში.
– როგორია თქვენი მოლოდინი წელს, რამდენ სტუდენტს ელოდებით და ასევე, ხომ არ ფლობთ ინფორმაციას დაახლოებით რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია თქვენი უმაღლესი?
ა.თ.: უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მზადაა შემოდგომაზე მიიღოს 1000 სტუდენტი. მოხარული ვართ, რომ 1000-ზე მეტმა ახალგაზრდამ აირჩია ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები (მენეჯმენტი, კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა). სტუდენტების რაოდენობა პირველ ნაკადში დამოკიდებული იქნება რამდენად წარმატებით გადალახავენ ისინი იმ მაღალ სტანდარტებს, რაც დადგენილია მათემატიკისა და ინგლისური ენის გამოცდებში. იმედი გვაქვს, ასეულობით ახალგაზრდა დაადასტურებს თავის კომპეტენციას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს, რომ ქართული განათლებით შესაძლებელია წარმატების მიღწევა ევროპული სტანდარტების განათლების სივრცეში.
მოხდა გარკვეული კორექტირებები პანდემიის გამო – სამწუხაროდ პირველ წელს ვერ ვიღებთ სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა გვჯერავს, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და ქართველ სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან უცხოელი სტუდენტებიც.
– ის, ვინც უკვე სწავლობს სხვა უნივერსიტეტში, ექნება თუ არა შესაძლებლობა თქვენთან გადმოვიდეს მობილობით და როდის მოხდება ეს?
ა.თ.: სტუდენტური მობილობა უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პირველ სემესტრში KIU-ში გადმოსვლა შესაძლებელია პირველადი ჩარიცხვის და კრედიტების აღიარების მექანიზმით, ხოლო მეორე სემესტრიდან ჩვენ გამოვაცხადებთ გარე მობილობას, როდესაც ახალგაზრდები შეძლებენ უნივერსიტეტში გადმოსვლას თავსებად საგანმანათლებლო პროგრამებზე.
– როგორ ემზადება უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის და როდის დაიწყება სწავლა?
ა.თ.: ამ ეტაპზე, უნივერსიტეტში დასრულებულია პირველი ფაზის მშენებლობა და KIU თავისი ქართველი და უცხოელი პროფესორებით მზად არის უმასპინძლოს სტუდენტების პირველ ნაკადს. სწავლის პროცესი დაიწყება აკადემიური ორიენტაციის კვირით 14-18 სექტემბრის განმავლობაში.
– გვითხარით სტუდენტების შიდა სტიპენდიებისა ან გრანტების რა პრინციპი იმოქმედებს უნივერსიტეტში და ვის შეეძლება მათი მიღება?
ა.თ.: KIU-ში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის მიზანია ნიჭიერი და წარჩინებული სტუდენტების წახალისება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ფონდი აბიტურიენტებს, რომლებიც 2020-21 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან სთავაზობს სხვადასხვა სახის დაფინანსებას:
უნივერსიტეტი სტუდენტებს დაუფინანსებს:
- სწავლის გადასახადს;
- სტუდენტურ საცხოვრებელის გადასახადს;
- სტუდენტური სტიპენდიას;
- KIU ბარათს (KIU ბარათი იმოქმედებს საუნივერსიტეტო კამპუსზე არსებულ სხვადასხვა კვების ობიექტში).
საგრანტო ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლის განმავლობაში.
– შეგვიძლია თუ არა საუბარი გაცვლით პროგრამებზე ამ დროისთვის, ექნებათ სტუდენტებს ამის შესაძლებლობა?
ა.თ.: KIU-ს სამივე საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებულია სავალდებულო სტაჟირებები სწავლის მესამე და მეოთხე წლის განმავლობაში. დამატებით, მეორე წლიდან სტუდენტები საკუთარი არჩევნით შეიძლება ჩაერთვნენ საერთაშორისო გაცვლით და სასტიპენდიო პროგრამებში. სტუდენტური სტაჟირება შეიძლება განხორციელდეს KIU-ს პარტნიორ უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და კერძო კომპანიებში. სტაჟირების განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის და KIU სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი