ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია თსუ-ში
უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ღონისძიებაზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ეგიდით მკვლევრის საიუბილეოდ მომზადებული წიგნის – ,,ივანე ბერიტაშვილი – კიდევ ერთი ცდა/უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ (ავტორები: ნინო კაკულია, მერაბ ცაგარელი) პრეზენტაცია შედგა და ბერიტაშვილისადმი მიძღვნილი ფილმის – ,,ეპიზოდები ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებიდან“ (ავტორები: არჩილ შუბაშვილი, ბესიკ გაფრინდაშვილი; მთხრობელი – მერაბ კოკოჩაშვილი) ჩვენება მოეწყო.
„ივანე ბერიტაშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შეძლო და რკინის ფარდის პირობებში გაარღვია ჩარჩოები და ცნობილი გახდა მსოფლიო მეცნიერებისთვის. დღევანდელი თაობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ნაშრომების არსებობა, რომელიც უფრო ღრმად წარმოადგენს როგორც მკვლევრის, ასევე პიროვნების, მეცნიერის თავისებურებებს. მისი ნაშრომები საქართველოში ფიზიოლოგიისა და ნეიროფიზიოლოგიის განვითარების საფუძველი გახდა“,- განაცხადა თსუ-ის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
წიგნის ერთ-ერთი ავტორისა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორის, ნინო კაკულიას თქმით, მკითხველი წიგნში ივანე ბერიტაშვილის ცხოვრების შესახებ ახალ დეტალებს აღმოაჩენს: „შევეცადეთ, რომ წიგნი ყოფილიყო პოპულარულ ენაზე და გასაგები ყველა დაინტერესებული მკითხველისთვის. მასში ივანე ბერიტაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ ამბებთან ერთად, შესულია მისი შვილიშვილის მოგონებები და ოჯახთან ივანე ბერიტაშვილის ურთიერთობის შესახებ დეტალები.“
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გენადი მარგველაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა ზუსტად და მკაფიოდ იცოდნენ ამ დიდი მეცნიერების მოღვაწეობის ცხოვრებისეული ფრაგმენტები. მეოცე საუკუნის დასაწყისი იყო ნიჭის აფეთქება ყველა მიმართულებით, ჩვენ გვყავდა ძალიან დიდი მეცნიერები სხვადასხვა დარგში. ამის ნათელი მაგალითია ივანე ბერიტაშვილი.“
„ყოველი ახალი წიგნი, რომელიც შეეხება ასეთი დონის მეცნიერს, გარკვეულ სიახლეებს შეიცავს. ბერიტაშვილი სიცოცხლეშივე მონათლეს მსოფლიო ფიზიოლოგიის პატრიარქად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არაოფიციალური და პატივსაცემი წოდებაა. მისი შრომები დღესაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია“,- აღნიშნა საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა გურამ ბექაიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების წარმომადგენლები, ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილი დავით ბერიტაშვილი, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი