GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

15 ივნისს გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი გრანტების 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“ ფარგლებში მომზადებული ამავე სახელწოდების სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ფილმი მომზადდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ.

ფილმის პრეზენტაციას ესწრებოდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც მიულოცა მონაწილეებს პროექტის დასრულება და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. ასევე, ისაუბრა ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი გრანტის მნიშვნელობაზე მეცნიერებისთვის. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

პროექტის ხელმძღვანელი და იდეის ავტორია პროფესორი ირმა რატიანი. ფილმში ქართული მეცნიერების ხუთი წამყვანი სპეციალისტი აუდიტორიას მოუთხრობს მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიას. ქართველ მწერალთა ინტელექტუალური თუ პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისა თუ ხელყოფის აქამდე უცნობ დეტალებს, რაც, ბუნებრივია, ფართო საზოგადოებას ქართული მწერლობის სრულიად ახლებური გააზრებისა და ინტერპრეტირების შესაძლებლობას მისცემს. მთხრობელები კონკრეტული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სტრატეგიის ფონზე წარმოადგენენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი საუკუნის მეცნიერულ შეფასებას. ფილმი ორი ნაწილისგან შედგება და მოიაზრებს ქართული ლიტერატურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდების განხილვას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური