GE

CIU-ს რექტორი და ვიცე-რექტორი სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში მონაწილეობდნენ

17-19 ნოემბერს, British Council-ის ორგანიზებით, სტამბოლში საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმი – „Going Global 2026 – Future-ready tertiary education“ – გაიმართა, რომელშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და ვიცე-რექტორმა, თამარ ინასარიძემ მიიღეს მონაწილეობა.

უნივერსიტეტის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, CIU-ს წარმომადგენლები ფორუმის ფარგლებში კონფერენციასა და პანელურ სესიებს დაესწრნენ, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემების განვითარებას, თანამედროვე გამოწვევებსა და განათლების მომავალს უკავშირდებოდა.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უმაღლესი განათლების სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება იყო. აღნიშნულ საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ. მან უცხოელ კოლეგებს წარუდგინა სამინისტროს ხედვა განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების გამოწვევებზე და საკანონმდებლო ჩარჩოს აუცილებლობაზე. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე განათლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო დოკუმენტის – „AI Compass for Education“ შემუშავების პროცესში ქვეყნის ჩართულობაზე. დისკუსიის მონაწილეებმა უმაღლეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ეროვნული სტრატეგიები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ფორუმს ასევე ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა მარგიშვილი.

„Going Global 2026“ საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მომავლის გამოწვევების გათვალისწინებით მათი განვითარების ხელშეწყობა. ფორუმში გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, უნივერსიტეტების რექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და ვიცე-რექტორი ასევე დაესწრნენ შოტლანდიის ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო წვეულებას – „Connecting Scotland to Türkiye and Wider Europe Reception“, რომელიც შოტლანდიას, თურქეთსა და ფართო ევროპულ სივრცეს შორის ურთიერთობებისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავებას მიეძღვნა.

საერთაშორისო ღონისძიებებში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მონაწილეობა ხელს უწყობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში პოზიციონირებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური