კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის „ჭადრაკი ყველასთვის“ პრეზენტაცია გაიმართა
3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს დისტანციურ რეჟიმში წიგნის – „ჭადრაკი ყველასთვის’’ – პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები არიან საერთაშორისო დიდოსტატები ჭადრაკში: სალომე მელია და დავით ჯოჯუა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქველმოქმედო ფონდი „ხარება“; „ქართული ჭადრაკის ფონდი“.
პრეზენტაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – მარინა გედევანიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ანანო წივწივაძე და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქართული ჭადრაკის ფონდის დამფუძნებელი – ვეფხვია ოდიშარია.
აღსანიშნავია, რომ „ჭადრაკი ყველასთვის“ საქართველოში პირველი წიგნია, რომელიც უსინათლოთათვის, ქართულ ენაზე, ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას დამოუკიდებლად ეზიარონ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას.
უსინათლო და მცირემხედველი პირები მრავალი წელია ჩართული არიან საჭადრაკო ცხოვრებაში, მაგრამ ბრაილზე დაწერილი საჭადრაკო ლიტერატურა მსოფლიოში ბევრი არ არის და არსებულიც რუსულად ან ინგლისურად თუ მოიძიება. ავტორები იმედოვნებენ, რომ საჭადრაკო ლიტერატურის შშმ პირთათვის ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს მათ პროფესიონალურ დონეზე წინსვლას და სამომავლოდ მათი მიზანი სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებაც იქნება.
წიგნი ორი ფორმატით დაიბეჭდა, ბრაილზე და მხედრული ანბანით. მხედრული ანბანით დაბეჭდილ წიგნში, საჭადრაკო დაფაზე არსებული უჯრების რაოდენობიდან გამომდინარე სიმბოლურად 64 გვერდია. პირველი ნაბიჯების შესწავლასთან ერთად, მასში მოთავსებულია საჭადრაკო ბლანკი და დიპლომი ავტორების ხელმოწერით.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი