კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრემია „თამარი“ სამ მეცნიერს გადაეცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სამეცნიერო პრემია 2017 წელს დაფუძნდა და ის გათვალისწინებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე წარმატებული მეცნიერებისთვის, რომლებიც თავიანთი აქტიურობით, სამეცნიერო ნაშრომებით, საერთაშორისო პროექტებითა და გამოქვეყნებული პუბლიკაციებით გამოირჩევიან.
ღონისძიებაზე I, II და III პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ, რომლებსაც 3000, 2000 და 1000-ლარიანი პრემიები გადაეცათ, გამაჯვებულებმა ასევე მიიღეს კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული სპეციალური მედლები.
2020 წლის „თამარის“ პირველი პრემია გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ სოფიო კასრაძეს. მეორე პრემია გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ზაქარია ნანობაშვილს. ნომინაციაში „ახალგაზრდა მეცნიერი“ კი პრემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორ ირმა ბარათაშვილს გადაეცა.
კსუ-ის რექტორ კახაბერ კორძაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ საკუთარი ადგილი ჰქონდეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეებში და ამ კუთხით აკადემიურ პერსონალს უმაღლესისგან დიდი მხარდაჭერა ელის.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო კვლევით უნივერსიტეტებს შორის, იმ უნივერსიტეტებს შორის, სადაც იქმნება ახალი სამეცნიერო პროდუქტი. სწორედ ამის დასტურია დღევანდელი ჩვენი შეკრება. ჩვენ, ჩვენს გამორჩეულ მეცნიერებს გადავცემთ პრემია „თამარს“, რაც იქნება სტიმული აკადემიური პერსონალისთვის. სტიმული იმისთვის, რომ იშრომონ ბევრი და თქვან ახალი სიტყვა მეცნიერებაში. ეს პრემია გადავეცით გამარჯვებულებს, ვინც ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სამეცნიერო პროდუქტი შექმნა, ახალი ცოდნის მიღების საშუალება შექმნა და საუკეთესო მსოფლიო ჟურნალებში დაბეჭდა თავის ნაშრომები”, – ამბობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
კსუ-ის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელ სესილი გოგიბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემია თამარი არამხოლოდ უკვე შემდგარ და გამოცდილ მკვლევრებს, არამედ ახალგაზრდა მეცნიერებსაც გადაეცემა.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს უკვე მეორედ ატარებს სამეცნიერო პრემია „თამარის“ კონკურსს, პირველად კონკურსი 2017 წელს ჩატარდა და უკვე ტრადიციად იქცა ჩვენს უნივერსიტეტში ამ პრემიის გადაცემა. დაწესებულია სამ პრიზი. მესამე პრემია გახლავთ ახალგაზრდა მეცნიერისთვის, ხოლო პირველი და მეორე პრემია უკვე შემდგარი მეცნიერებისთვის. ძირითადი პრიორიტეტები კონკურსანტების შერჩევის დროს გახლდათ უცხოეთში გამოქვეყნებული სტატიები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და მოხსენებები სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე“, – აცხადებს სესილი გოგიბერიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ცერემონიაზე ასევე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი.
კსუ-ის სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანიტარული პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის საპატივსაცემოდ მიენიჭა.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი