კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ კიდევ ერთი კრებული გამოიცა
მიმდინარე წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ გამოიცა კიდევ ერთი კრებული – „საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში – ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისათვის (1990-1995)“.
კრებულში, რომელიც გამომცემლობა „უნივერსალში“ დაიბეჭდა, შესულია 475 პუბლიცისტური წერილი. მასალები მოძიებული და გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის ფონდში დაცული ჟურნალ-გაზეთებიდან. წარმოდგენილი პუბლიცისტური წერილები, ინტერვიუები, სამეცნიერო სტატიები, საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის სხდომათა, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი სტატიები მთლიანად ეხება 1990-1995 წლების საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმებს. კრებულში წარმოდგენილია ქართველი კონსტიტუციონალისტების, პოლიტოლოგების, პოლიტიკოსების, ისტორიკოსების, ჟურნალისტების, ენათმეცნიერების, ასევე, ქართული ინტელიგენციის ღვაწლმოსილ წარმომადგენელთა, საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმებში ჩართულ უცხოელ ექსპერტთა, ქართულ კონსტიტუციაზე ნაფიქრალი და მზრუნველი ყველა მოხალისის მოსაზრებები კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ საკითხებზე.
„ამ ბოლო ხანს უამრავი დოკუმენტია დაკარგული. უფრო მეტიც, საერთოდ გამქრალია კავკასიის ინსტიტუტის გაზეთი „Georgian Chronical“, რომელშიც ინტენსიურად იბეჭდებოდა და შუქდებოდა ინფორმაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის მიერ გაწეული შესაბამისი მუშაობის შესახებ. ესოდენ საინტერესო და საჭირო დოკუმენტაციის გაუჩინარება ინტენსიურად გრძელდება. წინამდებარე გამოცემა რომ არა, მასში ასახული მასალაც მალე ხელმიუწვდომელი გახდებოდა. სწორედ ამან წარმოშვა კრებულის შედგენა-გამოცემის აუცილებლობა“, – აღნიშნავს პროფესორი მინდია უგრეხელიძე კრებულის შესავალ წერილში.
კრებულის შედგენაში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი დიმიტრი ცანავას ხელმძღვანელობით. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი მასშტაბური და სოლიდური კრებული – „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“ – 2019 წელს გამოქვენდა. ორივე გამოცემა ქართული კონსტიტუციონალიზმის უმნიშვნელოვანესი შენაძენია.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი