GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კანადის ნიაგარას კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კანადის ნიაგარას კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც განათლებისა და კვლევით სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელება; საგრანტო პროექტების ხელშეწყობა; დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარების, ვორქშოპებისა და კონფერენციების ორგანიზება.

შეხვედრაზე კანადის მხარეს წარმოადგენდნენ: გარი ტორავილი – ნიაგარას კოლეჯის საერთაშორისო დირექტორი, მაქსინ სემპლი – ნიაგარას კოლეჯის მენეჯერი კულრუტული და გლობალური ჩართულობის მიმართულებით, გევინ რობერტსონი – ნიაგარას კოლეჯის სურსათისა და ღვინის მეცნიერების სკოლის პროფესორი.

დოკუმენტის ხელმოწერამდე სტუმრებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისტორია, მიზნები და ხედვები რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გააცნო. ქვევრის ღვინის ქართულ ტრადიციებსა და ისტორიაზე კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ ისაუბრა. დელეგატებს ენდემური ვაზის ჯიშები, ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიციები და აღნიშნული კუთხით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მიღწევები დეკანმა, ოლან გოცირიძემ წარუდგინა.

შეხვედრის შემდეგ ნიაგარას კოლეჯის წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. დეტალურად გაეცნენ მულტიმედია ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას, მოინახულეს ბიბლიოთეკა, მედიცინის ფაკულტეტის უახლესი ანატომიური მოდელებითა და მულაჟებით აღჭურვილი კაბინეტები, ბიოქიმიური სასწავლო ლაბორატორიები, მარანი „კოლხი“. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს რთველსა და ღვინის დაწურვაში, დააგემოვნეს ქართული კერძები და სასმელები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგატები ოკამში, ადგილზე გაეცნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული კომპანიის – „ეთნო-ოკამის“ ღვინის წარმოების პროცესსა და ქართული მეღვინეობის ტრადიციებს.

ნიაგარას კოლეჯთან კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტის ურთიერთობის დამყარებასა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას კოორდინირება გაუწია CIU-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კანადაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა და მეცნიერმა, ბესიკი სურგულაძემ. სწორედ ბატონი ბესიკის ინიცირებით დაისახა უმაღლესი სასწავლებლების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

თანამშრომლობა ასევე კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მესხელის მხარდაჭერით შედგა.

იხილეთ ალბომის ბმული 

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური