GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტ ბიზნეს ინკუბატორის პირველი გამარჯვებული გამოვლინდა

ბიზნეს ინკუბატორი არის პროექტი, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახორციელებს და პროექტის პირველი გამარჯვებული გუნდი ექვსთვიანი პროცესის შემდეგ გამოვლინდა. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს ბიზნეს გეგმის შედგენა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა.

პროექტი სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ სპონსორობით განხორციელდა, როგორც ჟიურის წევრმა და „ევექსის“ ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორმა ლაშა ვაშაკიძემ აღნიშნა, მათთვის სასიხარულოა სტუდენტების მხარდაჭერა და ყველა ინიციატივას, რაც განვითარებაზე იქნება ორიენტირებული მომავალშიც დაუჭერენ მხარს.

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს. ჩვენ ნებისმიერი ასეთი პროექტის მიმართ გამოვხატავთ მხარდაჭერას. პროექტის პირველ გამარჯვებულებს მინდა ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო, ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მათ სწორად შეარჩიეს სეგმენტი სად რა უნდა აკეთონ.ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და ყველა იმ იდეის მხარდაჭერას, რომელიც წარმატებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ლაშა ვაშაკიძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რისი მაგალითიც ნათლად ჩანს ბიზნეს ინკუბატორის პროექტში.

„უნივერსიტეტის სტრატეგიის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სწორედ ამ მიზნით ჩვენთან უკვე თითქმის ერთი წელი შესრულდება, რაც შეიქმნა ბიზნეს ინკუბატორი და სტუდენტებს მიეცათ საშუალება, რომ დარეგისტრირებულიყვნენ და დაეწყოთ პირველი თავიანთი სტარტაპი. ექვსი თვეა გუნდები ცდილობენ, რომ ააწყონ თავიანთი კონცეფცია, დაგვანახონ რა ნიშაზე უნდა იმუშაონ და როგორი სჭირდებათ პირველი დაფინანსება. ექვსი თვის თავზე ჩვენ გვქონდა დასკვნითი ეტაპი და ბიზნეს ინკუბატორის გამარჯვებული გუნდიც გამოვავლინეთ. გამარჯვებულ გუნდს რაც შეეხება, ეტყობოდათ რომ მთელი გული ქონდათ ჩადებული მუშაობაში, ბევრი ქონდათ ძალიან ნამუშევარი და იდეა იყო ძალიან რეალისტური, რაც ეხებოდა ზუგდიდში ლიტერატურული კაფის გახსნას და საბოლოო ჯამში ჟიურიმ ერთხმად დავუჭირეთ მხარი გამარჯვებულს“, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა პროექტი ზუგდიდში ლიტერატურული კაფის გახსნაზე, გენერალური სპონსორის „ევექსისგან“ ფულადი ჯილდო გადაეცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური