კოლეჯი „ახალი ტალღა“ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მასშტაბური ღონისძიებებით აგრძელებს
სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ საინტერესო და მიზანმიმართული ღონისძიებებით აგრძელებს თავის საქმიანობას და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. წელს უკვე მეორედ ცნობილ ვეტერან სპორტსმენებთან ერთად კოლეჯი სკოლის მოსწავლეებსაც მასპინძლობდა, ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ უფრო ახლოდან გაცნობოდნენ პროფესიებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში მათი ინტერესის საგანი გახდეს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობად იქცეს. უფრო ვრცლად ღონისძიების შესახებ, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა.
– ბატონო ლაშა, მოგვიყევით ღონისძიების შესახებ, რომელიც თქვენმა კოლეჯმა, „ახალმა ტალღამ“ განახორციელა?
– „ახალი ტალღა“ მასპინძლობდა ვეტერან მორაგბეებს, ჩვენთან გახლდათ ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე. ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო სასიამოვნო მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პროფესიული განათლების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. შარშან, გაზაფხულზე ჩვენ ანალოგიურად ვმასპინძლობდით ამერიკელ მრბოლელ ქალბატონსაც. წელს უკვე მეორედ მოვაწყვეთ მსგავსი ტიპის ღონისძიება უკვე ქართველი დამსახურებული სპორტსმენების მონაწილეობით, ჩვენ შეხვედრა გავმართეთ სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან და საკმაოდ მასშტაბური აქტივობა გამოგვივიდა.
კოლეჯში მოეწყო პროფესიული გამოფენა, ეს ადამიანები საუბრობდნენ პროფესიულ განათლებაზე, მნიშვნელობაზე, პოპულარიზაციას აკეთებენ ჩვენი პროფესიების და ასევე ღებულობდნენ მონაწილეობას პრაქტიკულ ნაწილშიც. განსაკუთრებული აქტივობები დავუთმეთ იმ პროფესიებს, სადაც წელს საშემოდგომო მიღებაზე ნაკლებად იყო კონკურსი. სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც წელს საშემოდგომო მიღებაზე 600 ადგილი იყო მისაღები და 1200 სტუდენტი დარეგისტრირდა. მაგრამ იყო პროფესიები, სადაც არ იყო ძალიან დიდი კონკურსი. ასე, რომ, მე ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები არის საინტერესო. განათლების სამინისტრო და კერძოდ, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, GIZ და სხვა პარტნიორ-დონორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში.
– რომელი რეგიონები მოიცვა ამ ღონისძიებებმა და შეიძენს თუ არა ის ტრადიციულ ხასიათს?
– ღონისძიება გაიმართა საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში და მისი ჩატარების გამოცდილება ჩვენ შარშან მივიღეთ, პროფესიული განათლების განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო ლექციები, მოწვევა წარმატებული ადამიანების და „ახალმა ტალღამ“ უკვე მეორეჯერ უმასპინძლა სპორტსმენებს, შარშან გახლდათ უცხოელი სპორტსმენი ავტომბრბოლელი და წელს უკვე გვყავდა ქართველი ცნობილი ვეტერანი მორაგბეები. აქტივობები იყო საინტერესო – ეს იყო თამაშები, გასაუბრებები. მოწვეული სტუმრები ჩაერთვნენ პროფესიების მიხედვით სხვადასხვა აქტივობაში, ემსახურებოდნენ ახალგაზრდებს. ვფიქრობ, მოსაწონი მიდგომაა და მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, ქობულეთში კი ჩვენმა კოლეჯმა „ახალი ტალღა“ ითავა ამ ყველაფრის მასპინძლობა. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად ტრადიციული ხასიათი მიიღო ამ ღონისძიებამ.
(R)
- 2019 წლის შეჯამება პროფესიულ განათლებაში და „ახალი ტალღას“ 2020 წლის გეგმები by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
- კოლეჯს “ახალი ტალღა” და აჭარის ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
- პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა „კულინარიის ხელოვნებაში“ by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“