კსუ-მ პოლონეთის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩსა და ევროპარლამენტარ კაროლ კარსკის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპარლამენტარ კაროლ კარსკისა და პოლონეთის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას თქმით, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ღონისძიება ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საერთოდ ყველა უნივერსიტეტის ცხოვრებაში ვინმესთვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ საქართველოში პოლონეთის ელჩს და ასევე ევროპარლამენტის წევრს მივანიჭეთ ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ისინი დიდი ხანია მეგობრობენ ჩვენს უნივერსიტეტთან, წაკითხული აქვთ ჩვენთან საჯარო ლექციები, ბევრი რამ აქვთ გაკეთებული ქართველი და პოლონელი ხალხის მეგობრობის საქმეში და ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწტყვეტილება, რომ მათთვის მიგვენიჭებინა ეს ეგზომ საპატიო წოდება“, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.
უცხოელ პროფესორებს ჯილდო აკადემიურ განათლებასა და სამეცნიერო კვლევის, ასევე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.
„დღევანდელი დღე მართლაც არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება ევროპარლამენტის წევრს, კვესტორს საერთაშორისო სამართლის დოქტორ, პროფესორ კაროლ კარსკის და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს პროფესორ მარიუშ მასკიევიჩს. ეს ორივე ადამიანი არის საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი პიროვნება ევროპული პოლიტიკის მასშტაბით. განსაკუთრებით გამოვყოფ კაროლ კარსკის, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპული ურთიერთობების ინტეგრაციის საქმეში და განსაკუთრებით ჩვენი უნივერსიტეტების პოლონურ და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებთან შემდგომი ურთიერთობების განვითარების საქმეში. ვფიქრობ, დღევანდელი ღონისძიება, საპატიო დოქტორის წოდების გადაცემა ამ ორ პოლიტიკური მოღვაწისთვის, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართულ-პოლონური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი