კსუ-ში სამეცნიერო კრებულის პროექტის – „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ – პრეზენტაცია გაიმართა
2021 წლის 21 თებერვალს აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლის იუბილე.
ამ თარიღთან დაკავშირებით 2020 წლის 21 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის პროექტის „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
პროექტის მიზანია ქართული კონსტიტუციონალიზმის დამოუკიდებელი სკოლის ჩამოყალიბებისა და პირველი ქართული კონსტიტუციის პოპულარიზაციისათვის ხელისშეწყობა.
ამ მიზნით, უნივერსიტეტში შექმნილია სპეციალური სამეცნიერო-სარედაქციო კოლეგია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის მომზადებას და მის გამოცემას. კრებულში სამეცნიერო სტატიები სარედაქციო კოლეგიის მოწვევით დაიბეჭდება. აქ წარმოდგენილი იქნება სამართლის, ისტორიის, პოლიტიკისა და ენათმეცნიერების დარგის აღიარებული უცხოელი და ქართველი მეცნიერების შრომები პირველი ქართული კონსტიტუციის, კონსტიტუციონალიზმისა და პოლიტიკის მეცნიერების აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. პროექტში მონაწილეობს 25 მეცნიერი.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ყოველი დემოკრატიული ქვეყნის ისტორიაში კონსტიტუციის მიღებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თანამედროვე ქართული სახელმწიფო პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა. ეს აღიარებულია საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის პრეამბულაში. სწორედ დღევანდელი კონსტიტუცია განაპირობებს უწყვეტ მემკვიდრეობით კავშირს პირველ რესპუბლიკასა და თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს შორის. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გვირგვინი, ქართული კონსტიტუციონალიზმის თავფურცელი – 1921 წლის კონსტიტუციაა.
პირველი ქართული კონსტიტუციის ბევრი ნორმა თუ პრინციპი სიცოცხლისუნარიანობას საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში ინარჩუნებს. 1921 წლის კონსტიტუცია ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ყველა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს 1921 წლის კონსტიტუციის „სული“ წითელ ზოლად გასდევს. პირველი კონსტიტუცია მუდმივად იყო აქტუალური 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ამ გამოცემით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, პირველი ქართული კონსტიტუციის პოპულარიზაციას, მის ირგვლივ დისკურსის გაღვივებას, ქართული კონსტიტუციონალიზმისთვის არსებითი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას და, მეორე მხრივ, იმ ღვაწლმოსილ ადამიანთა ამაგის დაფასებას, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ კონსტიტუციონალიზმს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ვლადიმერ მაჭარაშვილი, სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამთა წირქვაძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო მინდიაშვილი. პირველი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს კონსტიტუციონალისტებმა გია გოგიბერიძემ და ზურაბ ჯიბღაშვილმა. საიუბილეო სამეცნიერო კრებულის პროექტზე მსმენელებს ინფორმაცია მიაწოდა ბექა ქანთარიამ.
პროექტის იდეის ავტორები არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მინდია უგრეხელიძე და ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.
სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია შედგება 2021 წლის 21 თებერვალს – პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს – 100 წლის იუბილეზე.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი