ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2020“ იმპროვიზაციული ტური თსუ-ში გაიმართა
„თეთრი საყელო“ – ეს თემა შეარჩია ჟიურიმ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალური ტურისთვის, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. „შემოდგომის ლეგენდა 2020“-ის იმპროვიზაციულ ტურში კონკურსის პირველი ტურის შედეგად გამოვლენილმა 10-მა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. მათ თორმეტი საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. ფინალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მათი პირველი წარმატება – ფინალში მოხვედრა მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან.
„შემოდგომის ლეგენდა“ ძალიან საინტერესო პროექტია, რომელსაც 12-წლიანი ისტორია აქვს. ამ კონკურს ბოლო წლებში „სილქნეტთან“ ერთად ვატარებთ. სწორედ ამ კონკურსში მიაღწიეს პირველ აღიარებას შემდგომში უკვე წარმატებულმა ახალგაზრდა მწერლებმა. ვიმედოვნებთ, რომ ათივე ფინალისტი კარგად გაართმევს თავს დავალებას და ძალიან კარგ და შთამბეჭდავ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შეიქმნის. ვიმედოვნებთ, რომ წლევანელი კონკურსიც გამოავლენს ნიჭიერ ადამიანებს, განსაკუთრებით ველოდებით, იმას თუ ვინ გახდება ფინალური ტურის გამარჯვებული“,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
დაარსების დღიდან ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართებოდა, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში მდებარე „ჩაის სახლში“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
„სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ლიკა მეტრეველის თქმით, „შემოდგომის ლეგენდა“ დამწყები მწერლებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა გაიკვალონ გზა მომავალში.
„მოხარულები ვართ, რომ არ ვუღალატეთ ტრადიციას და მიუხედავად რთული გამოწვევებისა, განსხვავებულ ფორმატში მაინც გაიმართა „შემოდგომის ლეგენდა“. დარწმუნებული ვარ, რომ არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც ყველა სხვა წელი. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის ხელშეწყობა, რადგან ვთვლით, რომ ეს ძალიან სასარგებლო საქმეა“,- აღნიშნა ლიკა მეტრეველმა.
წლევანდელი წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართა. იმპროვიზაციულ ტურზე ფინალისტებისთვის, ჟიურის წევრებისთვის და ყველა დამსწრე პირისთვის უსაფრთხო და დისტანცირებული გარემო იყო გათვალისწინებული.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივესაგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებიც ჩაერთნენ. პროექტის მენეჯერის, ნინო კალანდიას თქმით, „შემოდგომის ლეგენდის“ ათი ფინალისტი ჟიურიმ 266 ნაწერს შორის შეარჩია. „ძალიან საინტერესო თემა მიაწოდა ჟიურიმ კონკურსანტებს და ველოდებით ახალ ნაწერებს 10 ფინალისტისგან. მგონია, რომ „თეთრი საყელო“ ძალიან საინტერესო ინსპირაციაა. ფინალისტებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რომ აქ, უნივერსიტეტის ეზოში, უსაფრთხოების ყველანაირი ნორმის დაცვით შექმნან ახალი ნაწერები“,- აღნიშნა ნინო კალანდიამ.
ჟიურის უცვლელი წევრის მაკა ლდოკონენის თქმით, „შემოდგომის ლეგენდამ“ პანდემიის პირობებშიც არ უღალატა სტუდენტებს, გამოეცადათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები კონკურსში: „ვფიქრობ, წლევანდელი თემა საინტერესო იქნება ფინალისტებისთვის; დაწერენ ისევ კარგ მოთხრობებს და კარგი კრებული გვექნება. მე თვითონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, 90-იანი წლები იყო და ვერც ვიოცნებებდი მაშინ, რომ ლიტერატურული კონკურსი ჩატარებულიყო. ჩვენ კი ბევრს ვწუწუნებთ, რომ პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ის, რომ ლიტერატურული კონკურსი ტარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა მაკა ლდოკონენმა.
წელს სიახლეა ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც, მწერალთა ტრადიციულ სამეულს – დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატნენ. ჟიურის შემადგენლობაშია ასევე შარშანდელი გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი; მსოფლიოში დისტანციური რეჟიმის გააქტიურებამ შესაძლებელი გახადა ჟიურის შემადგენლობაში ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი დავით ქართველიშვილი ჩართულიყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ინგა ღოღობერიძე კონკურსის ფინალისტი უკვე მეორედ გახდა. ამბობს, რომ „შემოდგომის ლეგენდა“ მისთვის სტიმულია, რომ წეროს: „ძალიან მიხარია, რომ „შემოდგომის ლეგენდა“ თსუ-ის პროექტია და განსაკუთრებულად მიყვარს. მე არ ვარ გამოცდილი მწერალი, შესაბამისად „შემოდგომის ლეგენდა“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეორედაც გავედი ფინალში, ეს სტიმულიც არის, იქნებ გამომდის წერა. ზოგადად, ამ კუთხით ყველა მონაწილისთვის მნიშვნელოვანია ეს პროექტი. მომავალ წელს სტუდენტი აღარ ვიქნები, ვამთავრებ მაგისტრატურას და ვეცდები გავიმარჯვო და ჟიურიში ვიყო.“
ფინალური ტურის ნამუშევრების შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და კომპანია სილქნეტის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.
ლეგენდა 2020-ის გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი