„მასწავლებელი კლასში როგორც გვხვდებოდა ბუშტებით და გაფორმებული კლასით, დღესაც ასე შეგვხვდა“
საქართველოში სწავლა დაიწყო. სკოლის ეზოებში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩვეულმა ჟრიამულმა კი უკვე მეორე წელია კომპიუტერების ეკრანებთან გადაინაცვლა. ყველაფრის მიუხედავად, სკოლის დაწყების დღე მოსწავლეებისთვის ემოციურ და მნიშვნელოვან დღედ რჩება.
EDU.ARIS.GE-მ შეაგროვა ბავშვების ემოციები, რომელთათვის ახალი სასწავლო წელი და სიახლეების სავსე პერიოდი დაიწყო. ყველა მათგანს საბოლოოდ მაინც ერთი სურვილი აქვს – რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, კლასელებთან და მასწავლებლებთან. მანამდე კი ბევრი მათგანი სასკოლოდ გამოწყობილი, კომპიუტერის ეკრანთან დადებული, მასწავლებლისთვის განკუთვნილი თაიგულით შეხვდა ახალ სასწავლო წელს.
ელენე სუთიძე, მე-4 კლასის მოსწავლე: „წელს ახალი დამრიგებელი მყავს, ქეთი მასწავლებელი, რომელმაც ქართული ენა და ლიტერატურა უნდა გვასწავლოს. რადგან აქამდე არ ვიცნობდით სკოლის დაწყებამდე დისტანციურად შეგვხვდა და გაგვეცნო, იმედი გვაქვს მალე სკოლაში დავბრუნდებით და უფრო ახლოსაც გავიცნობთ. სკოლის დაწყების პირველი დღე ძალიან მიყვარს, პირველი დამრიგებელიც ძალიან მენატრება და სკოლაში რომ დავბრუნდები აუცილებლად ვნახავ. გამიხარდა კლასელების ნახვა, ერთმანეთს გავუზიარეთ როგორ გავატარეთ ზაფხული, რა ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. უკვე შემდეგ გაკვეთილზე განვიხილავთ რა წავიკითხეთ ზაფხულის განმავლობაში. ორი ახალი საგანიც უნდა ვისწავლოთ, ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო სასწავლო წელი იქნება. რაც შეეხება სურვილებს, მინდა რომ მალე დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში და ძველებურად იყოს სწავლა.“
მე-5 კლასელი ნია ჩხიკვაძეც უკვე სასკოლო ცხოვრების შემდეგ საფეხურზე გადავიდა, ახალი მასწავლებლები და ახალი საგნები ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ახალ სასწავლო წელს მის ინტერესს იწვევს.
ნია ჩხიკვაძე: ,,როგორც კლასში გვხვდებოდა ხოლმე მასწავლებელი ბუშტებით და გაფორმებული კლასით, დღესაც ისე შეგვხვდა. მოუთმენლად ველოდებოდი სკოლის დაწყებას, წელს ახალი მასწავლებლებიც მყავს და ყველაზე მეტად მათი გაცნობა მაინტერესებდა. როგორც მასწავლებელმა გვითხრა ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ვისწავლოთ, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნების შემდეგ უჩვეულო არაფერი იყოს. მომენატრნენ კლასელები და გამიხარდა მათი ნახვა.“
მე-2 კლასში გადავიდა დათო სუთიძეც. როგორც ის ამბობს ყველაზე მეტად საუკეთესო მეგობარი ლუკა მოენატრა და მასტან შეხვედრას ელოდებოდა მთელი ზაფხული.
დათო სუთიძე: „დედას სულ ვეკითხებოდი რამდენი დღე იყო სკოლის დაწყებამდე დარჩენილი. კი ვიცი, რომ ონლაინში უნდა ვისწავლო, მაგრამ არაუშავს. ძალიან მენატრებიან ჩემი კლასელები და მასწავლებელი, მიხარია, რომ ლუკა სამხარაძეს ვნახავ, ჩემი საუკეთესო მეგობარია. შარშან ყველაზე კარგი ექსკურსია და სკოლის ბოლო დღე იყო. ციცო მასწავლებელმა გვითხრა, სკოლაში ვიქნებით თუ დისტანციურად, თქვენ ჯინაზე მაინც გასწავლითო“.
გიო პაპიძე, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. მისი მთელი სასკოლო ცხოვრების დიდი ნაწილი დისტანციურად მიმდინარეობს, თუმცა ეს წარმატებებში ხელს არ უშლის.
გიო პაპიძე: „სწავლის დაწყება ძალიან მიხარია. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ ჩემს მასწავლებლებსა და კლასელებს შევხვედროდი, მართალია ეს შორიდან ხდება, მაგრამ მალე საკლასო ოთახებშიც დავბრუნდებით. მასწავლებელმა გვთხოვა რომ წელსაც კარგად ვისწავლოთ და არ დავნებდეთ. აუცილებლად შევასრულებ მასწავლებლის თხოვნას. ყველას ვუსურვებ წარმატებულ სასწავლო წელს.“
მოსწავლეებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად დაიწყო, მაგრამ ეს დროებითია.
ასევე იხილეთ:
სწავლა პირველკლასელების გარეშე ონლაინ იწყება – მშობლების ემოციები
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება