სწავლა პირველკლასელების გარეშე ონლაინ იწყება – მშობლების ემოციები
2021 წლის 15 სექტემბერია. სწავლა პირველკლასელების გარეშე, ონლაინ იწყება. პირველი კლასის მოსწავლეები სკოლაში 4 ოქტომბერს შევლენ. როგორ ემზადებიან პატარები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად და რა შეგრძნებაა, როცა სხვა მოსწავლეები მიდიან სკოლაში, მათ კი ჯერ მოცდა უწევთ – მომავალი მოსწავლეების მშობლები EDU.ARIS.GE-ს სამზადისზე ესაუბრნენ და ემოციებიც გაუზიარეს.
6 წლის ნიკოლოზ ყაულაშვილი სკოლაში მისვლამდე დღეებს ითვლის, ყველაზე მეტად კლასელების გაცნობა სურს. მასწავლებელს უკვე შეხვდა, დედამ სასკოლო გარემოსთან შესაგუებლად წინასწარ იზრუნა.
„ჩვენ 15 სექტემბრისთვის უკვე სრულიად მომზადებულები ვიყავით. სკოლაში წინასწარ მყავდა მიყვანილი და თავის დამრიგებელი გაიცნო, გაესაუბრა. იცოდა, რომ გაკვეთილებზე კლასში უნდა მჯდარიყო და მასწავლებლისთვის ყურადღებით მოესმინა. თუმცა, ისიც ავუხსენი, რომ კორონავირუსის გამო, შესაძლოა, დასვენებებზე კლასიდან არც გაეშვათ. როდესაც გავიგეთ, რომ სწავლა 4 სექტემბრამდე გადაიდო, მეც და ჩემ შვილსაც გული დაგვწყდა, ერთგვარი ზეიმი იყო ჩვენთვის. ვეცადე შელამაზებულად ამეხსნა მიზეზები. ალბათ, ხვალ ჩემთვის ემოციურად რთული დღე იქნება, მაგრამ ნიკოლოზი ახლაც სიხარულით ელოდება, როდის მოვა 4 ოქტომბერი, რომ კლასელები გაიცნოს და გახდეს სკოლის მოსწავლე. იმედი გვაქვს სწავლას საკლასო ოთახში დავიწყებთ“, – გვითხრა თეონა რამაზაშვილმა, რომელიც თვლის, რომ პირველკლასელისთვის სკოლაში სიარული უმნიშვნელოვანესია.
უხარია, რომ მალე ქართულად წერა-კითხვას ისწავლის – ეს ანასტასია ვაჰბას სასკოლო მოლოდინია და სკოლაში სწავლისთვისაც უკვე მზად არის. შვილზე არანაკლები ემოციებით ელის სწავლის დაწყებას დედა, მაიკო ცაავაც:
„გული ძალიან მწყდება, რომ ჩემი შვილი ვერ მიდის ხვალ სკოლაში. ბავშვისთვის არ მითქვამს, მხოლოდ პირველკლასელები რომ არ მიდიან, არ მინდა თავი გარიყულად იგრძნოს. ჩემს შვილსაც გული დაწყდა, რომ სკოლა მოგვიანებით იწყება. ჩვენ ისეთი ენთუზიაზმით ვიყავით თითქოსდა ეს ემოციები გაქრა. ანასტასია ახლაც ემზადება, ყოველ დღე წერს ასოებს და დღეებს ითვლის. სკოლაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს და ამბობს, რომ ჯერ სკოლაში უნდა ისწავლოს კარგად, მერე უნივერსიტეტში. მეც ვცდილობ განწყობა შევინარჩუნო, ველოდები პირველ დღეს, როცა ჩემი ერთადერთი შვილი პირველად შეაბიჯებს სკოლაში. ჩემთვისაც ძალიან ემოციურია, რადგან 20 წლის მერე ისევ მექნება სკოლასთან ურთიერთობა, ახლა უკვე მშობლის როლში. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მე მივდივარ სკოლაში. სულიერად ვემზადებით სხვა სამყაროსთან შესახვედრად“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას მაიკო ცაავამ.
სწავლის გადადებამ პირველკლასელი ნანუკის დედა გაახარა და შვილის სკოლაში მომავალ წელს შეყვანას აღარ ფიქრობს. თავად სკოლის მოლოდინში მყოფი ცნობისმოყვარე გოგონა კი სკოლის შესახებ ინფორმაციას უფროსკლასელებისგან აგროვებს.
„ნანუკის სიახლის მოლოდინი და დიდი ინტერესი აქვს, გაარკვიოს, რეალურად რა არის სკოლა. ცდილობს ჩემგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს იმ ბავშვებთან, რომლებიც უკვე დადიან სკოლაში. სხვა მხრივ, განსხვავებული დღეები ნამდვილად არ გვიდგას. ძალიან ვნერვიულობდი, რომ ონლაინ მოუწევდა პირველ კლასში შესვლა. იმდენად ვწუხდი ამ საკითხზე, ისიც ვიფიქრე, ხომ არ გადამედო კიდევ ერთი წლით სკოლაში წაყვანა. ამიტომ ძალიან გახარებული ვარ, რომ მოგვეცა შანსი მშობლებს და სკოლაში დავიწყებთ სწავლას, არადისტანციურ რეჟიმში. სიხარულის მეტი არაფერი განმიცდია ამ გადაწყვეტილების გაგებით. ჩემთვის ემოცია დიდია, რადგან ვფიქრობ, განსაკუთრებული ეტაპი იწყება ჩემი გოგონასთვის. ასე, რომ ველოდებით ახალ ეტაპს ჩვენს ცხოვრებაში და იმედია ყველა სირთულეს გადავლახავთ შესაძლებლობების ფარგლებში“, – გვითხრა ნინო ნაცვლიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბერს, პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ, თუ ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. დამაიმედებელი პროგნოზი აქვს ამირან გამყრელიძეს და ამბობს, რომ ოქტომბერში სწავლა სკოლების უმრავლესობაში დასწრებით ფორმატში განახლდება.
ასევე იხილეთ:
მასწავლებლები და მოსწავლეები ინტერნეტს წელსაც შეღავათიანი პირობებით მიიღებენ
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება