GE

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის

4 თებერვალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ახალი ოლიმპიადის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებულ ფულად პრემიებს მიიღებენ როგორც ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები, ასევე მათი პედაგოგები.

ოლიმპიადა ორეტაპიანი იქნება – პირველი ტური გაიმართება 13 მარტს 14:00 საათზე და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ მოსწავლეებს ონლაინ შეეძლებათ; მეორე ეტაპი კი BTU-ში 5 აპრილს გაიმართება და სამი გამარჯვებული გამოვლინდება.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიარეთ ელექტრონული რეგისტრაცია.

  • პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლე მიიღებს 1000 ლარს და სწავლის დაფინანსებას BTU-ში ჩაბარების შემთხვევაში. იგივე რაოდენობის თანხა გადაეცემა მის მასწავლებელს;
  • მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებენ 700-700 ლარს;
  • მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე და პედაგოგი კი – 500-500 ლარს.

“ოლიმპიადა იქნება ყოველწლიური, ის არის ორეტაპიანი კომპიუტერული და არაკომპიუტერული ტურებთ. ეს არის ოლიმპიადა არამხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ მათი მასწავლებლებისთვისაც, სადაც საპრიზო ფონდს ინაწილებს გამარჯვებული აბიტურიენტი და მისი მათემატიკის პედაგოგი. არის სამი ნომინაცია, პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი იგებს 1000 ლარს და იგივე ოდენობას იგებს მისი მასწავლებელი. ამის გარდა, ეს აბიტურიენტი იგებს BTU -ში სწავლის სრულ დაფინანსებას. ვმუშაობთ მათემატიკოსთა კავშირთან და მათთან თანამშრომლობით მოხდა მათემატიკის კურიკულუმის სრული მოდიფიცირება, განახლება და უფრო კომპლექსური სახით დამუშავება. დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს წამყვანი მათემატიკოსები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მათი აზრი და ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან ბევრ ისეთ პროექტს ვამუშავებთ, სადაც მათემატიკის მძლავრი ცოდნა არის კრიტიკულად აუცილებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავართულოთ პროგრამა”,- ამბობს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

აღნიშნულ შეხვედრაზე BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმდა მემორანდუმი მომავალი თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარადგინეს უნივერსიტეტის განახლებული მათემატიკის სილაბუსი.

“ოლიმპიადა განსხვავდება იმით, რომ ის მოიცავს ყველა სკოლას, მაინც და მაინც მათემატიზირებული სკოლებიდან წამოსული გუნდები და სპეციალურად ნავარჯიშები ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი, ეს არის ჩვეულებრივი საშუალო სკოლის პროგრამიდან აღებული მასალა, რომელიც პირველ ეტაპზე შეარჩევს ბავშვებს, რომლებმაც დააგროვეს რაღაც ცოდნა მათემატიკაში. პირველ ტურზე დადგენილი იქნება გამსვლელი ქულა და ბარიერგადალახული ყველა მოსწავლე მოწვეული იქნება ფინალურ ტურზე, სადაც ცოტა უფრო რთული საკითხები იქნება. საკმაოდ მაღალი რანგის პრიზებია დაწესებული. ფაქტობრივად ეს არის ძალიან კარგი სტიმული ახალგაზრდისთვის, რომ თავის ცოდნის შესაბამისი ფინანსური სტიმული მიიღოს და მეორე, თუ აირჩევს და წამოვა ამ უნივერსიტეტში მისთვის ძალიან კარგი იქნება, შესანიშნავი, ახალი უნივერსიტეტია ძალიან დიდი პერსპექტივით”,- აცხადებს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი დავით ნატროშვილი EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური