BTU-მ AI-სთვის ქართული ცოდნის უმსხვილესი ბანკი შექმნა
7 სექტემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საქართველოს ცოდნის ციფრული ბანკის პრეზენტაცია და ტესტირება გაიმართა. ცოდნის ბანკი, რომელიც BTU-მ შექმნა, ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მოდელებისთვის, საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესის, რეგიონების, კულტურის, განათლების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
უფრო კონკრეტულად, ცოდნის ბანკი წარმოადგენს ქართული მონაცემების, ანალიტიკისა და ინფორმაციის დიდ ციფრულ საცავს, რომელიც BTU-ს მიერ სხვადასხვა სფეროში დაგროვილ ცოდნას, საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის, სტატისტიკური მონაცემების, კომპანიების, ინდუსტრიების, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.
ბანკი ასევე მოიცავს 1 მილიონამდე კვლევით შედეგს, სამეცნიერო პუბლიკაციებს, კვლევებს, ანალიტიკურ მასალებს, ბიზნესისა და ეკონომიკის ლიტერატურას, გაციფრულებულ საარქივო დოკუმენტებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც AI სისტემების მუშაობისთვის არის საჭირო.
საერთო ჯამში, ქვეყნის უმსხვილეს ციფრულ ცოდნის ბანკში უკვე თავმოყრილია 7 მილიარდამდე ტოკენის მოცულობის ქართულენოვანი რესურსი, რაც დაახლოებით, 14 მილიონი წიგნის ექვივალენტია. მონაცემთა ეს მასშტაბი კი საშუალებას იძლევა, ხელოვნურმა ინტელექტმა საქართველოს შესახებ ინფორმაცია აღიქვას არა ზედაპირულად, არამედ მისი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებლის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, ცოდნის ბანკში განთავსებამდე, მრავალმხრივ მოწმდება. მისი შეფასებით, ამგვარი ციფრული ბანკის გამოყენებით, საქართველოს შესახებ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ცოდნა და კონტექსტური გაგება მნიშვნელოვნად უმჯობესდება – შედეგად, AI-ს შეუძლია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ღრმა, ზუსტი და პრაქტიკული პასუხების მომზადება, ვიდრე მხოლოდ ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით.
„მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი რამდენად მნიშვნელოვანია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. მას საქართველოში უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, ისიც მოგეხსენებათ, რამდენად დეფიციტურია მასში ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიება. სწორედ ამ ამოცანის გადაწყვეტა განიზრახა BTU-მ და შექმნა ქართული ცოდნის დიდი ბანკი, რომელიც საქართველოს შესახებ სრულ ინფორმაციას მოიცავს. ეს შეეხება ისტორიას, გეოგრაფიას, კულტურას, ეკონომიკას, ბიზნესს, მოსახლეობას, ყოველდღიურ მოვლენებს. იგი მოიცავს, 7 მილიარდზე მეტ საინფორმაციო მასალას, რომელსაც სხვადასხვა ინფორმაცია ყოველდღიურად ემატება. ბანკში განთავსებამდე ინფორმაცია მრავალმხრივ მოწმდება როგორც წყაროების ერთმანეთთან შედარებით, ისე კვლევების გადამოწმებით. ინფორმაციის შემოწმებისა და განთავსების შემდეგ კი ტესტირების პროცესი გრძელდება. მოხარული ვართ, რომ სხვადასხვა ტექნოლოგია და მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი მას აქტიურად გამოიყენებს და საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.
BTU-ს რექტორის, ნინო ენუქიძის განმარტებით კი, ცოდნის ბანკი არა მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, ღია წყაროებში განთავსებულ ინფორმაციას, არამედ საარქივო მონაცემებს, დახურულ სამეცნიერო ბაზებში არსებულ კვლევით პუბლიკაციებსა და ანალიტიკურ მასალებსაც მოიცავს. რექტორის თქმით, ციფრულ ბანკში არსებული რესურსი უახლოეს პერიოდში ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„ეს არის ციფრული ცოდნის ბანკი, რომელიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი სხვადასხვა დარგის სპეციალისტისთვის, არა მხოლოდ განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის, არამედ ცალკეულ ინდუსტრიებში დასაქმებული პროფესიონალებისთვისაც, რომელთაც საქართველოს შესახებ ამომწურავი, ვალიდური, გადამოწმებული და სწორი მონაცემების მიღება სურთ. ცოდნის ბანკში არსებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, რაც მოიაზრებს ცალკეულ სექტორებთან პარტნიორობას. უკვე დავიწყეთ მუშაობა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან, რათა ჩვენი რესურსი გავუზიაროთ. ეს ბაზა ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველა სპეციალისტისთვის, ვისაც საკუთარი, გამართული და მეტად ინფორმირებული AI მოდელების შექმნის სურვილი ექნება. პროცესი უკვე დაწყებულია, ოქტომბერში სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ვიწყებთ და ცოდნის ბანკში არსებული რესურსი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება“, – აღნიშნავს ნინო ენუქიძე.
-
BTU-ში აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა
by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
-
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – უნიკალური სამაგისტრო პროგრამა რეგიონში
by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
-
DevOps სამაგისტრო პროგრამა BTU-ში რეგიონის მასშტაბით უნიკალურ პროგრამად რჩება
by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU