GE

მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის, M ვექტორის online ეტაპი მაისის ბოლომდე გრძელდება

მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის, M ვექტორის online ეტაპი მაისის ბოლომდე გრძელდება. პროექტის ვებგვერდი და Facebook გვერდი სასწავლო და შემეცნებითი სივრცის ფუნქციასაც შეასრულებს დაინტერესებული მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის.

„როდესაც M ვექტორის ძირითადი ეტაპის ონლაინ ჩატარება დავგეგმეთ, მოსწავლეთათვის პროექტის მოქნილი და მოსახერხებელი ფორმატის შეთავაზებაზე ვფიქრობდით. მაშინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ სულ მალე დისტანციური კომუნიკაცია არა მხოლოდ კონკურსის ჩატარების ან სასწავლო პროცესის წარმართვის, არამედ ადამიანების ურთიერთობის ძირითადი ფორმა გახდებოდა. თავიდანვე გვინდოდა, M ვექტორი საინტერესო ყოფილიყო მათთვისაც, ვისაც უშუალოდ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ ექნებოდა. ვითარების გათვალისწინებით, ეს უკვე ჩვენს პასუხისმგებლობადაც მიგვაჩნია. დღეს M ვექტორი არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი, არამედ სასწავლო და შემეცნებითი სივრცეა ყველა მოსწავლისა თუ დაინტერესებული მკითხველისათვის“, – ეს მიმართვა M ვექტორის გუნდმა პროექტის Facebook გვერდზე 23 მარტს გამოაქვეყნა. მოსწავლეებთან უშუალო შეხვედრები კი Facebook გვერდზე Live ჩართვებით 19 მარტიდან ჩაანაცვლა. Mვექტორელებთან დისტანციური შეხვედრები ხუთშაბათობით იმართება.

M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს – მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

პროექტის ძირითადი, პირველი ტური დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ეტაპის მიმდინარეობისას შინარსობრივი საკითხების განხილვა მონაწილეებს პროექტის ექსპერტებთან ერთად, სპეციალურ ფორუმზე შეუძლიათ.

დასკვნითი ეტაპი ინტერაქტიულ ლექციებს და დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს. დეტალური ინფორმაცია დასკვნითი ეტაპის შესახებ მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული. განსაკუთრებით საინტერესო მათ შორის არის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის საერთაშორისო STEM ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა.

კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA)

კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“

პროექტის პარტნიორია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური