მძიმე დაზიანებები და თითების ამპუტაცია – ახალი წლის ღამეს ათზე მეტი ბავშვი დაშავდა
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, თბილისში 7 მოზარდს ოპერაციია დასჭირდა. მათი მკურნალობა ამ დრომდე გრძელდება.
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა 10 წლის ბიჭის, რომელსაც ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა და სამი თითის ნაწილობრივ, ორის კი, სრული ამპუტაცია დასჭირდა.
„ცხრა პაციენტმა მოგვმართა, მათ შორის ერთს ამბულატორიულად გაეწია დახმარება გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში და გაეწერა ბინაზე. რვა მოთავსდა ჩვენს ქირურგიულ დეპარტამენტში, ჩაუტარდათ ოპერაციული მკურნალობა. ერთი გაეწერა, ხოლოდ შვიდი მათგანი სტაციონარში რჩება. ძირითადად, დაზიანებები იყო მტევნების და თითების არეში“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგმა თინათინ ანთაძემ პირველ არხთან საუბარში.
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით მიყენებული დაზიანებებით 20-მდე ადამიანი გადაიყვანეს თბილისის დამწვრობის ცენტრშიც.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულთა შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. ყველაზე მძიმედ 40 წლის მამაკაცის მდგომარეობაა, რომელსაც თითების ამპუტაცია დასჭირდა.
„ახალ წლებზე დამწვრობის ცენტრს მომართა პიროტექნიკით გამოწვეული დაზიანების შედეგად დაახლოებით 20-მა პაციენტმა. აღინიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება, უმეტეს შემთხვევაში მტევანი, თითები. დღეისთვის დამწვრობის ცენტრში ლაბორატორიულად განაგრძობს მკურნალობას რამდენიმე პაციენტი. იყო შემთხვევა, როცა მამაკაცს ხელში აუფეთქდა პიროტექნიკა, რამაც თითების მოწყვეტა გამოიწვია“, – განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის ქირურგმა მერაბ ჯანჯღავამ.
31 დეკემბერს და 1 იანვარს ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების სულ 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33 – რეგიონებში, 48 – თბილისში.
სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ პიროტექნიკის გამოყენებისას, განსაკუთრებით მაშინ,როცა საქმე მოზარდებს ეხება.
თ.ვ.
- ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, დიდ დიღომში 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა by ტელევიზია
- ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის ზოგიერთ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა by ტელევიზია
- ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს by ტელევიზია