„მშობლები ბავშვების სასკოლო ასაკის გამო ხშირად მოგვმართავენ და გადავწყვიტეთ, ვიმსჯელოთ“ – განათლების კომიტეტი საკითხს ექსპერტებთან განიხილავს
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილება – ეს ჩანაწერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაში ჩაიწერა და კომიტეტი მის განხილვას ექსპერტებთან ერთად გეგმავს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანია, მსჯელობა მიდის და კომიტეტმა გადაწყვიტა, ექსპერტებთან ერთად იმსჯელოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
“გვინდა შევისწავლოთ ეს საკითხი კარგად. ისედაც დიდი ხანია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა. ამიტომ, კომიტეტის სურვილია, დაინტერესდეს ამ საკითხით და დარგის ექსპერტებისგან, ფსიქოლოგებისა და სხვებისგან მოვისმინოთ, თუ რა არის პრობლემა, რა შეიძლება იყოს უკეთესი გამოსავალი, რომ შემდგომი რეაგირება მოვახდინოთ ამ საკითხზე. ამ ყველაფრის გამო, ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრის გაკეთებას და მოსმენას ვფიქრობთ”, – გვითხრა გიორგი ამილახვარმა.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, როგორია თავად კომიტეტის თავმჯდომარის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენად ეთანხმება, რომ სკოლაში 5 წლის ბავშვებიც მივიდნენ, ასევე, რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება სხვადასხვა დროს, ამილახვარმა გვიპასუხა:
„ჩემი პირადი პოზიცია არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მე არ ვარ ამ საკითხის ექსპერტი. ცოტა სენსიტიური საკითხია და როგორც გითხარით, ამას სჭირდება აღმზრდელების, ფსიქოლოგების, მეთოდისტების ჩართულობა. ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოების სხვადასხვა მხრიდან არის გარკვეული მოსაზრებები. ამიტომ, კომიტეტი ახდენს რეაგირებას. ეს საკითხი გვიწერია მოსმენის საკითხში. მოვისმენთ და რასაც გამოვავლენთ, შესაბამისად მივიღებთ ზომებს. მშობლებსაც აქვთ კომიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება შემოტანილი. ზოგისთვის პრობლემური საკითხია და ვალდებულები ვართ, ამაზე გვქონდეს რეაგირება და ამიტომ ჩაიწერა ეს საკითხი ჩვენს სამოქმედო გეგმაში. გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შემდეგ მივიღებთ“.
სხვადასხვა დროს, წლების განმავლობაში, 6 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეეძლოთ სკოლაში მისვლა. ბოლო წლებია, სკოლის დაწყებით საფეხურზე სწავლება მხოლოდ 6 წლის ასაკის შესრულების შემდეგ არის შესაძლებელი, თუნდაც სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვს 6 წლის შესრულებამდე რამდენიმე დღე აკლდეს.
ასევე იხილეთ:
- როგორია NAEC-ის მიერ ჩასატარებელ გამოცდებსა და კვლევებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ტარიფები – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ცნობილია – სია by ARIS.GE-განათლება
- გაზრდილი ხელფასები განათლების სამინისტროში – როგორ ნაწილდება თანხები თანამდებობების მიხედვით 2025 წელს – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება