საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის შესახებ განხილვები პარლამენტში დაიწყო – დეტალები
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის ცვლილებების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას დღეიდან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. ცვლილებების პროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების კომიტეტებში პირველი მოსმენით განიხილება და 2022 წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას გულისხმობს.
განათლების ხარისხისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების წარმდგენმა, მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს გააცნო ინიციატივის შინაარსი და შემდეგ განათლების კომიტეტს.
„დღეს მოქმედი რეგულაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აკრედიტაციისთვის განაცხადს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე ავსებენ. ცვლილებების შემდეგ კი, დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, სააკრედიტაციოდ, ერთ კლასტერში, შინაარსობრივად დაჯგუფებული პროგრამები წარადგინოს. არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამისა. კლასტერი კი განისაზღვრება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისათვის, ასევე, პროგრამის შინაარსის, სწავლების მიზნისა და შედეგების ნიშნით“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ.
მისივე თქმით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვისას, 1 წლის განმავლობაში მხოლოდ იმ კონკრეტულის სფეროს პროგრამები შეფასდება, რომლებიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. აღნიშნული მოდელი კი სახელწმიფოს საშუალებას მისცემს, შეაფასოს მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება ესა თუ ის კონკრეტული დარგი. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციების განაწილება კი სწავლის სფეროების მიხედვით 2028 წლამდე მოხდება.~
ცვლილებების თანახმად, აკრედიტაციის გავლა სავალდებულო იქნება ყველა სახისა და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის, გარდა საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებისა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებების მიზანი ბოლონიის პროცესის ფარგლებში, ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაა.
დღესვე, საკითხზე მეტი დეტალის გარკვევის მიზნით, EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილმა.
„უმაღლესებთან დაკავშირებით აკრედიტაციის პროცესი და აღნიშნული მიდგომა 2011 წლიდან მოქმედებს. ინდივიდუალურად გადიან პროგრამები აკრედიტაციას და ჩვენ გვინდა გადავიდეთ სხვა მოდელზე პროგრამული აკრედიტაციის. დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა ერთობლივად შემოიტანონ ერთი შინაარსის მსგავსი პროგრამები. დააკლასტერონ პროგრამები და ისე წარმოადგინონ სააკრედიტაციოდ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ერთობლივად დავინახოთ საერთო სურათი დაწესებულებაში, როგორ ვითარდება ერთი დარგის პროგრამები. ვთქვათ, როდესაც უნივერსიტეტს აქვს მაგალითად სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები, ის ერთიანად გააკეთებს განაცხადს და ერთიანად შემოიტანს. ერთიანად შეფასდება ერთი ექსპერტთა ჯგუფის მიერ და აკრედიტაციის საბჭოზეც ერთიანობაში მოხდება მათი განხილვა. ეს ბუნებრივია, უზრუნველყოფს იმას, რომ საერთო სურათი დავინახოთ უნივერსიტეტში, ინსტიტუციაში, როგორ ვითარდება კონკრეტული დარგი და კონკრეტული სფერო ეს არის მთავარი იდეა კლასტერული აკრედიტაციის შემოტანისა“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ლაშა მარგიშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტი განიხილეს ყველა უმაღლეს დაწესებულებასთან, მათი უშუალო ჩართულობით მოხდა პროექტზე მუშაობა და ყველა, 63-ვე უმაღლესი მიესალმება ამ ცვლილებებს.
ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე უმაღლესი განათლების მიმართულებით ამბობს, რომ კლასტერული აკრედიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის ამაღლებას უმაღლესების პროგრამებზე და აგრეთვე იმას, რომ რესურსების კონსოლიდირება მოხდება უნივერსიტეტის მხრიდან, მათ შორის ფინანსური მიმართულებით.
საკანონმდებლო ცვლილებას საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს, იქამდე კი საკომიტეტო მოსმენები გაიმართება.
ასევე იხილეთ:
„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს
მოამზადეს თეკლა ტაბატაძემ და რუსკა ადვაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება