სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმი აღარ იარსებებს – ელის თუ არა საჯარო სკოლას გაუქმება, თუ ავტორიზაციას ვერ გაივლის
დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტებში პირველი მოსმენით განიხილეს ზოგადი განათლების და უმაღლესი განათლების ხარისხის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. დეტალური საუბარი და კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითზე, რომლის მიხედვითაც, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია. იქამდე კი მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ კანონში არსებული ზგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმის გაუქმების საკითხი დააყენა, რომელიც არ არის სავალდებულო კომპონენტი და ნებაყოფლობითი მექანიზმია. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სულ სამმა (კერძო სკოლების ავტ.) პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია და ეს მექანიზმი არ არის ქმედითი მექანიზმი.
გობრონიძის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, აკრედიტაციის მექანიზმი გაუქმდება და შეიცვლება ავტორიზაციის სტანდარტები. ამასთან აკრედიტაციის მექანიზმის ავტორიზაციის სტანდარტში ნაწილობრივი ინტეგრაცია მოხდება, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების მექანიზმს გააუმჯობესებს.
„ჩვენ ამ ეტაპზე გარე შეფასების ორი მექანიზმი გვაქვს, ეს არის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მექანიზმები. საერთაშორისო პრაქტიკით ჩვენ არსად არ გვხვდება გარე შეფასების ორი მექანიზმი, ყველა ინტეგრირებულია ერთ პაკეტში. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენეთ უცხოეთში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და ერთის მხრივ ვახდენთ აკრედიტაციის მექანიზმის გაუქმებას და მეორეს მხრივ ვცვლით ავტორიზაციის სტანდარტებს. ამასთან ხდება აკრედიტაციის ნაწილობრივი ინტეგრაცია ავტორიზაციის სტანდარტში იმისათვის, რომ ეს მექანიზმი რეალურად ამოქმედდეს. ამის მიზანი არ არის რომელიმე სკოლის გაუქმება ან რაიმე სადამსჯელო ღონისძიება. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ სკოლები შემოვიყვანოთ შეფასების მექანიზმებში, ხარისხის განვითარების მექანიზმებში იმისათვის, რომ მათ დაინახოთ თავიანთი საჭიროება რეალური თვითშეფასების საფუძველზე. ამას დაემატება კურიკულუმის დონეზე საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ნაწილი, რაც ავტორიზაციის სტანდარტში ჩაიდება. შესაბამისად გამოვა, რომ სკოლა შეფასდება არა მხოლოდ ინსტიტუციურად, არამდე შინაარსობრივადაც. ამასთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია უნდა განხორციელდეს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ეს 7 წლიანი ვადა მათ მიეცათ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ სკოლაში ხარისხის ამაღლებაზე, რათა სკოლები სათანადოდ მოემზადონ ავტორიზაციის პროცესისთვის “, – განმარტა ვალერიან გობრონიძემ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ზემოაღნიშნულ კანონებში ცვლილებების შეტანას და მას პარლამენტი საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
თუ რისთვის არის საჭირო და რამ განაპირობა სკოლებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ ჩანაწერის კანონიდან ამოღება, ამაზე კითხვით კომიტეტზე მოწვეულ კახა ერაძეს მივმართეთ, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარმოადგენს და ზოგადი განათლების მიმართულებას კურირებს.
ცენტრის დირექტორის მოადგილემ EDU.ARIS.GE-ს განუმარტა, რომ მიზეზი ამ საკანონმდებლო ცვლილებისა არის რამდენიმე.
„პირველი ის, რომ მოქმედი მექანიზმი გარე ხარისხის უზრუნველყოფისა, ამ შემთხვევაში ავტორიზაცია-აკრედიტაცია, უკვე 10 წელიწადზე მეტია სახეზეა და მოხდა ამის ეფექტიანობის შეფასება-გადაფასება. მინიმუმ ორი ციკლი გაიარეს უკვე სკოლებმა ავტორიზაციის რეჟიმში ყოფნისა. ამიტომაც დადგა საჭიროებები ცვლილებებისა. მეორე და მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ საჯარო სკოლები უნდა შემოვიდნენ ავტორიზებულ რეჟიმში. ამის ვალდებულება კანონით არსებობს, რომ 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლამ გაიაროს ავტორიზაციის პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზად ვართ ამ პროცესის დასაწყებად და, შესაბამისად, აღნიშნული ინიცირებული ცვლილებები სწორედ ამ პროცესის დაწყებას ემსახურება“, – განმარტა კახა ერაძემ.
მოახლოებული (2023 წლიდან ავტ.) სკოლების ავტორიზაციის საკითხზე საუბრისას კი მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტორიზაციის პროცესის დაწყება არ იქნება სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, თუმცა კონკრეტული ეტაპის გავლის შემდეგ სამინისტრო იმსჯელებს ასეთი სკოლის არსებობის საკითხზე.
„უბრალოდ, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, ამ პროცესში ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა. მერე კი ავტორიზაციის საბჭო მიმართავს მის დამფუძნებელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული სკოლის არსებობის მიზანშეწონილობის განხილვის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადი განათლება ქვეყანაში არის სავალდებულო და სახემლწიფის კონსტიტუციური ვალდებულებაა უზრუნველყოს ზოგადი განათლების მიწოდება, საჯარო სკოლის ავტორიზაციის გაუქმება არ წარმოადგენს გამოსავალს ამ კონსტიტუციური ვალდებულილების შესრულებისას, ამიტომ ეს განსხვავებული და სპეციფიური საკითხია. უმაღლესი განათლებისგან განსხვავებით, სადაც სავალდებულო ნაწილი არ არის კონსტიტუციით დადგენილი. ამიტომაც, ჩვენი მიდგომაა, რომ უფრო განვითარებაზე ორიენტირებულნი ვიყოთ, სკოლას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და პროცესი დაგვანახებს. როცა რაღაც გარემოებები არსებობს, როცა სკოლა ვერ ვითარდება მიუხედავად ინტერვენციებისა…ამ წუთში მოლოდინი არა გვაქვს, რატომ ვერ უნდა განვითარდეს ამხელა მხარდაჭერის მიუხედავად და რა თქმა უნდა, არსებობს მექანიმი, რომ მერე სამინისტრომ იმსჯელოს ამ სკოლის არსებობის მიზანშეწონილობაზე“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს განათლების ხარისხსი განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
ჩვენი რესპონდენტი დასძენს, რომ განვითარებისთვის თითოეული სკოლა მიიღებს როგორც მეთოდოლოგიურ, ასევე ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას.
ცნობისთვის, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2023 წლიდან უნდა დაიწყოს და პირველ ეტაპზე სამასზე მეტი სკოლის ავტორიზაციაა დაგეგმილი. თუ რა ხარისხით განხორციელდება ეს პროცესი და რა გეგმით აპირებს მუშაობას ხარისხის ცენტრი, ამის დოკუმენტურად წარმოდგენა მათ მომდევნო საკომიტეტო განხილვებისთვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა დაავალა. ინტერესი კი იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოში ორი ათასზე მეტი სკოლაა და დღეს გაწერილი ვადებით ხარისხის ცენტრმა წელიწადში 500 სკოლა უნდა გაატაროს ავტორიზაციაზე.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება