მთავრობა 80 ახალი სკოლისა და 90 საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და საბავშვო ბაღების აშენება-რეაბილიტაციის პროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე მეტად ის ამბავი ახარებს, ქვეყანაში 80 სკოლა რომ აშენდება და 800 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 240 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი. აქედან, 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის რეაბილიტაცია. ჯამში 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი. ბიუჯეტი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი და ჩვენ 800-ივე სკოლას გავარემონტებთ და 80 ახალ სკოლას ავაშენებთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში“, – თქვა პრემიერმინისტრმა.
ღარიბაშვილის განცხადებითვე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაფასეს საბავშვო ბაღების მდგომარეობა და დაასკვნეს, რომ ამ სფეროში კრიტიკულ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბევრი საბავშვო ბაღის შენობა და განსაკუთრებით – რეგიონებში.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ჯანსაღ გარემოში. ამიტომ, მათთვის აუცილებელია, რომ სკოლები, საბავშვო ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში“, – ამბობს ღარიბაშვილი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დამატებითი ინფორმაციით კი, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. ყველა რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლა აღიჭურვება საჭირო რესურსით და თანამედროვე ინვენტარით და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კეთილმოეწყობა კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტები, სპორტული მოედნები და ეზოები.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება