531 სკოლიდან 114-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა – აუდიტის ანგარიშში ასახული ხარვეზები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აპრილს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ასევე სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ხარვეზებზე.
აუდიტის სამსახური წერს, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზანშეწონილია დასრულდეს სასწავლო წლის დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო და სააღმზრდელო საქმიანობა მთელი წლის განმავლობაში ვერ დაიწყოს. ანგარიშში ჩამოთვლილია, რამდენი საბავშვო ბაღისა და საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დასრულდა სწორედ დოკუმენტაციის გამო, რომელიც უხარისხობის მიზეზით მუდმივად ცვლილებას მოითხოვდა.
სკოლებისა და საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლის დროს, გამოვლინდა, რომ პროექტებში განხორციელებული ხშირი ცვლილებების შედეგად, 202 ხელშეკრულების ფარგლებში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღებიდან სასწავლო წლის დასაწყისისათვის ვერ დასრულდა − 117, ხოლო საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაფორმებული 531 ხელშეკრულებიდან, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ვერ დასრულდა 114 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. გამოვლენილი გარემოება ადასტურებს, რომ აღნიშნული დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილში სასწავლო პროცესი დაგეგმილ პერიოდში ვერ დაიწყო. აღნიშნული აუდიტის ანგარიში მოიცავს 2018-2019 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებებში ხშირი ცვლილებები უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო შედიოდა.
„სამუშაოების დასრულების ვადები ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გაუარესებულია ხელშეკრულების პირობები. თავის მხრივ, არც ზედამხედველი კომპანიები აწარმოებენ სათანადო კონტროლს მიწოდების ვადების დაცულობაზე. შედეგად, შესწავლილ 15 მუნიციპალიტეტში 125 ხელშეკრულების ფარგლებში, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 38,841.5 ათასი ლარია, მიწოდების ვადები დაუსაბუთებლადაა გაზრდილი“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
იმ ფონზე, როდესაც პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლაა გასარემონტებელი, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მთავრობებს არ აქვთ შემუშავებული სათანადო კონტროლის სისტემა იმის დასადასტურებლად, რამდენად სათანადოდ ასრულებენ ზედამხედველი კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 2019-2020 წლებში ზედამხედველობის მომსახურების ცალკე შესყიდვაში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ჯამში − 39,036.4 ათასი ლარია გადახდილი, თუმცა მუნიციპალიტეტებმა არსებითად ვერ გააუმჯობესეს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარისხი.
„ზედამხედველი კომპანიები ფორმალურად ავსებენ სამუშაოების წარმოების ყოველდღიურ ჟურნალს. შეუძლებელია, ერთი ზედამხედველი დღის განმავლობაში რამდენიმე ათეულ პროექტს უწევდეს მონიტორინგს გეოგრაფიულად მნიშვნელოვნად დაშორებულ ტერიტორიაზე და შემდგომ ჟურნალში ზუსტი მონაცემები გადაჰქონდეს. ერთი ზედამხედველი ფიზიკურად ვერ შეძლებს ყველა ობიექტზე მთელი დღის განმავლობაში სრულად დააკვირდეს მშენებლობის პროცესს, მათ შორის, რამდენიმე ათეულ ლოკაციაზე“, – წერია აუდიტის ანგარიშში.
ასევე იხილეთ:
„ვგეგმავთ, რომ ყველა სკოლა ერთიან სტანდარტებში მოვაქციოთ“
ბზარების გაჩენამ 174-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვიტა – რას ამბობს დირექტორი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება