მთავრობამ 6 წელს მიუღწეველთა სკოლაში შესვლის საკითხის შესწავლა განათლების სამინისტროს დაავალა – პეტიციას უკვე პარლამენტიც სწავლობს
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის გარდამავალ დებულებაში შესატანი ცვლილების შესახებ მოთხოვნა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, 6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც დაუშვებს, პარლამენტის ბიურომ 9 ნოემბერს, თანდართულ მასალებთან ერთად (ხელმოწერები 57 გვერდი) საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა. კომიტეტმა კი 1 კვირის ვადაში დადგენილი წესით უნდა შეამოწმოს მოქალაქეთა ხელმოწერების ნამდვილობა და შედეგები საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს.
10 ნოემბერს კი EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი ხდება, რომ მოქალაქეების მოთხოვნა არამხოლოდ პარლამენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის სახელზეც იყო წარდგენილი მთავრობის ადმინისტრაციაში. პრემიერ ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ საკითხის განხილვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 9 ნოემბერს დაავალა:
“გეგზავნებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, 6 ნოემბერს შემოსული მოქალაქე ნანა ლომიძის განცხადება. გთხოვთ, განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში”.
როგორც პეტიციის ავტორი, ნანა ლომიძე EDU.ARIS.GE-ს უყვება, საგულისხმოა, რომ მოქალქეებმა ამავე მოთხოვნით ჯერ კიდევ სექტემბერში მიმართეს გივი მიქანაძის უწყებას, საიდანაც პასუხი არ მიუღიათ. პარლამენტში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხის სახელზე შეტანილი წერილიც კომიტეტმა განათლების სამინისტროს გადააწერა და არც ამ შემთხვევაში ყოფილა რეაგირება. სწორედ ამის შემდეგ მიმართა ნანა ლომიძემ როგორც სახალხო დამცველს, ისე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
რას ითვალისწინებს მოქალაქეების პეტიცია – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გარდამავალი დებულების (საგამონაკლისო წესის) შენარჩუნება 2027/2028 სასწავლო წლისთვის შინაარსი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გარდამავალი დებულების (საგამონაკლისო წესის) შენარჩუნება 2027/2028 სასწავლო წლისთვის: პირველკლასელთა რეგისტრაცია 31.12.2027 წლის ჩათვლით.
“ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი მოქალაქეები და მშობლები, პატივისცემით მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს და გთხოვთ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შენარჩუნებულ იქნას შესაბამისი გარდამავალი დებულება, რომელიც 2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს”.
პეტიციის დასაბუთება და არგუმენტაცია
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია განათლების უფლება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს. მიგვაჩნია, რომ განათლების სისტემაში დანერგილი ნებისმიერი რეგულაცია უპირველესად უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც შესაძლოა სოციალური უთანასწორობის საფუძველი გახდეს.
სოციალური უთანასწორობის დაუშვებლობა: ამჟამად არსებული პრაქტიკით, ქვეყანაში ფუნქციონირებს კერძო და საერთაშორისო სკოლები, სადაც ბავშვის სასკოლო მზაობას აფასებენ სპეციალისტები. შესაბამისად, მატერიალური რესურსის მქონე ოჯახებს აქვთ შესაძლებლობა, დაარეგისტრირონ შვილი სკოლაში, კონკრეტული სკოლის შიდა რეგულაციების შესაბამისად.
საჯარო სექტორში აღნიშნული „საგამონაკლისო წესის“ გაუქმებამ შესაძლოა წარმოშოს აშკარა სოციალური უთანასწორობა: განათლების ხელმისაწვდომობა გახდეს დამოკიდებული ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს.
ბავშვის უფლებათა უპირატესობა: ბავშვის სასკოლო მზაობა არის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და შემეცნებითი პროცესი და არა მხოლოდ ფორმალური, კალენდარული
თარიღით განსაზღვრული მოცემულობა. მიზანშეწონილია, რომ დადგენილი რეგულაცია
ეფუძნებოდეს ბავშვის ემოციურ-ფსიქოლოგიურ და აკადემიურ მზაობას და არა ხისტ
ბიუროკრატიულ შეზღუდვებს, რომლებმაც მცირედი ასაკობრივი სხვაობის გამო შესაძლოა
ბავშვს სრულფასოვანი სწავლის დაწყების შესაძლებლობა შეუზღუდოს.
განვითარების უწყვეტობა: აღნიშნული ასაკის ბავშვები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი წინასასკოლო მომზადების პროგრამებში. მათი ხელოვნურად დატოვება სკოლამდელი აღზრდის ეტაპზე, იმ პირობებში, როცა მათ უკვე გააჩნიათ საჭირო კომპეტენციები, ხშირ შემთხვევაში იწვევს ფსიქოემოციურ სტრესს, მოტივაციის დაქვეითებასა და განათლების უწყვეტობის დარღვევას.
პეტიციის მიზანი და თხოვნა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით:
1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, 2027/2028 სასწავლო წლისთვის, შენარჩუნებულ იქნას გარდამავალი დებულება („საგამონაკლისო წესი“), რომელიც 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს;
2. აღნიშნული ჩარიცხვა განხორციელდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ან კანონმდებლობით დადგენილი სკოლისთვის მზაობის შეფასების ობიექტური მექანიზმის გამოყენებით;
3. უზრუნველყოფილ იქნას განათლების სისტემაში თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპი, რათა თავიდან ავიცილოთ სოციალური მდგომარეობის საფუძველზე ბავშვთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. გთხოვთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელოთ ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპით და არ დაუშვათ ფორმალური რეგულაციებით მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა.
გვჯერა, რომ აღნიშნული თხოვნის გათვალისწინება უზრუნველყოფს სამართლიან და პროპორციულ გადასვლას და უპირველესად, მოემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მის ფსიქოემოციურ კეთილდღეობასა და ასაკის შესაბამის განვითარებას.
დანართი: 57(ორმოცდაჩვიდმეტი) გვერდი (ხელმოწერები).
ასევე იხილეთ:
-
სექტემბრიდან საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი გაორმაგდება – რა წერია 2027 წლის ბიუჯეტის ახალ ვერსიაში
by ARIS.GE-განათლება
-
რას ითხოვს განათლების მიმართულებით საქართველოსგან ევროკომისიის ანგარიში – დეტალები დოკუმენტიდან
by ARIS.GE-განათლება
-
დღეს სკოლებში ძალადობის, ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება
by ARIS.GE-განათლება
