GE

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ – მოქალაქეების პეტიცია პარლამენტს

მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, რომ 2026-2027 სასწავლო წლის მსგავსად, გამონაკლისი 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც დაუშვან და პირველ კლასში ნებაყოფლობით ჩარიცხვის შესაძლებლობა 6 წელს მიუღწეველ (2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ) ბავშვებსაც მისცენ.

საქმე ეხება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სასკოლო ასაკი განსაზღვრულია შემდეგნაირად – პირველ კლასში უნდა შევიდეს მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება. თუმცა, კანონში შესაბამისი გარდამავალი დებულების საფუძველზე, მიმდინარე სასწავლო წელს გამონაკლისი დაიშვა და 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში სწავლა 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულმა ბავშვებაც დაიწყეს.

სწორედ კანონში შესაბამისი გარდამავალი დებულების (საგამონაკლისო წესი) შენარჩუნებას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოსთვის პეტიცია შექმნეს.

როგორ ასაბუთებენ მოთხოვნას პეტიციის ავტორები:

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია განათლების უფლება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს. განათლების სისტემაში დაშვებული ნებისმიერი რეგულაცია უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც შესაძლოა სოციალური უთანასწორობის საფუძველი გახდეს.

1. სოციალური უთანასწორობის დაუშვებლობა: ამჟამად არსებული პრაქტიკით, ქვეყანაში ფუნქციონირებს კერძო და საერთაშორისო სკოლები, სადაც სწავლის საფასური შესაძლოა ათობით ათას დოლარს შეადგენდეს. აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვის სასკოლო მზაობას აფასებენ სპეციალისტები და მატერიალური რესურსის მქონე ოჯახებს აქვთ შესაძლებლობა, დაარეგისტრირონ შვილი სკოლაში, განურჩევლად მათი დაბადების თარიღისა (კონკრეტული სკოლის შიდა რეგულაციების შესაბამისად). სახელმწიფო სექტორში აღნიშნული „საგამონაკლისო წესის“ გაუქმება აშკარა სოციალურ უთანასწორობას ქმნის: განათლების უფლება ხდება დამოკიდებული ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს.

2. ბავშვის უფლებათა უპირატესობა: ბავშვის სასკოლო მზაობა არის ინდივიდუალური პროცესი და არა ფორმალური, კალენდარული თარიღით განსაზღვრული მოცემულობა. სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაცია უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ემოციურ-ფსიქოლოგიურ და აკადემიურ მზაობას და არა ბიუროკრატიულ შეზღუდვებს, რომლებიც 9 ან 10 დღის სხვაობის გამო ბავშვს სრულფასოვანი სწავლის უფლებას უზღუდავს.

3. განვითარების უწყვეტობა: აღნიშნული ასაკის ბავშვები უკვე ჩართულნი არიან წინასასკოლო მომზადების პროგრამებში. მათი იძულებითი დატოვება სკოლამდელი აღზრდის ეტაპზე, იმ პირობებში, როცა მათ გააჩნიათ საჭირო კომპეტენციები, იწვევს ფსიქოემოციურ სტრესს, მოტივაციის დაქვეითებას და განათლების უწყვეტობის დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ:

1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, 2027/2028 სასწავლო წლისთვის, შენარჩუნებულ იქნას „საგამონაკლისო წესი“, რომელიც 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს;

2. აღნიშნული ჩარიცხვა განხორციელდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ან კანონმდებლობით დადგენილი სკოლისთვის მზაობის შეფასების ობიექტური მექანიზმის გამოყენებით;

3. უზრუნველყოფილ იქნას განათლების სისტემაში თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპი, რათა არ მოხდეს სოციალური მდგომარეობის საფუძველზე ბავშვების დისკრიმინაცია. მოვითხოვთ, საკანონმდებლო ორგანომ იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპით და არ დაუშვას ფორმალური რეგულაციებით ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა“, – წერია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერს 600-მდე ადამიანი.

ასევე იხილეთ:

ცვლილება სასკოლო ასაკში – პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური