პარლამენტის თავმჯდომარე: განათლებაში მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩავდოთ
„განათლება არის სფერო, რომელშიც ჩვენ მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, თუ გვინდა გვყავდეს თაობა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი . პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად დაკავებული უნდა იყოს იმ პოლიტიკის შესრულების ზედამხედველობით, რომელსაც თავად ადგენს. მნიშვნელოვანია პარლამენტმა ჩაიხედოს ხოლმე ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესში, შეაფასოს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის- „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასება“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა თემატური მოკვლევის, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი ინსტრუმენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების ერთგვარი მონიტორინგის სისტემა და რეკომენდაციებზე სხვადასხვა ხარისხობრივი კონტროლი იყოს შესაძლებელი.
„ეს ინსტრუმენტი, თემატური მოკვლევა, ზოგადად ახალია, თუმცა პარლამენტისთვის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ეს არ არის ახალი, რამდენიმე მოკვლევა წინა მოწვევის პარლამენტში უკვე ჩატარებულია სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ჩვენთვის მნიშნელოვანია, ის რეკომენდაციები, რომელსაც თემატური მოკვლევის საფუძველზე გასცემს კომიტეტი, არ დარჩეს მხოლოდ პრეზენტაციად და მივყვეთ ამ რეკომენდაციების შესრულებას და ზედამხედველობა გავუწიოთ რამდენად სრულდება ეს რეკომენდაციები.
ვფიქრობ და ესეც არის ჩვენი, პარლამენტის ერთ-ერთი მიზანი, რომ შეიქმნას სისტემა მონიტორინგის, რომელიც საზოგადოებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
ეს თავის მხრივ უფრო სკურპულოზულს გახდის მუშაობას თავად მოკვლევაზე და რეკომენდაციებზე. პარლამენტის ინტერესშიც იქნება, რომ იყოს არა რეკომენდაციების სიუხვე, არამედ იყოს მიზანზე რეკომენდირებული რეკომენდაციები, რომლის სხვადასხვა ხარისხობრივი კონტროლი იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე იხილეთ: