„პირველკლასელს არანაირი დისტანციური გაკვეთილი არ ჰქონია“, „ცხრილი არც ჩვენ გვაქვს“ – პირველი სასწავლო დღით უკმაყოფილო მშობლები
სკოლების ნაწილში სასწავლო წელი დღეს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, თუმცა აღმოჩნდა რომ პროცესისთვის სრულყოფილი მომზადება ბევრმა სკოლამ ვერ მოასწრო. ამ დრომდე დარიგებული არაა სახელმძღვანელოები და მოსწავლეების ნაწილს დისტანციური გაკვეთილები არ ჩატარებია.
EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს მონაცემების შეგროვება თუ სად რა შეფერხებაა.
პირველი დისტანციური სასწავლო წელი აქტიური განხილვის საგანია მშობელთა წრეებში, მათი ნაწილი ამბობს, რომ დღეს ბავშვებს გაკვეთილები არ ჰქონიათ.
„სამი შვილი მყავს, ორი სკოლის მოსწავლეა, არც ერთს არ ჰქონია დღეს გაკვეთილი, ახლა მივდივარ, რომ პატარას წიგნები წამოვიღო, უფროსს წიგნები მისცეს, მაგრამ მასწავლებელმა დაპოსტა ჯგუფში, რომ ამ კვირაში ვერ ხერხდება ონლაინ გაკვეთილები. ისე უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლაშიც რომ დადიოდნენ, პირველი კვირა ყოველთვის მოსამზადებელი იყო, სახელმძღვანელოები არც მაშინ იყო ხოლმე დარიგებული და ნორმალური სწავლა არც მაშინ არ იყო“,- ამბობს მე-3 და მე-9 კლასელი მოსწავლეების მშობელი ნონა ლოლუა ჩვენთან საუბარში
„პირველკლასელი მყავს და მორე მე-7 კლასშია. ვფიქრობდი პატარას 15 სექტემბერს სახლში გავულამაზებ სიტუაციას განწყობა რომ შეექმნას-თქო, მეთქი გამოვაწყობ სასკოლოდ და კომპიუტერთან ასე დავსვამ-თქო, მაგრამ ჯერჯერობით პროგრამები არაა გამართული. მასწავლებელი მშობლების ჯგუფს ქმნის კომუნიკაციისთვის, გვითხრა დაგიკავშირდებითო როგორც კი Teams-ში კლასს გავმართავო, ასე რომ, ჩვენი მოჩვენებითი ზეიმი ამ ეტაპზე გადაიდო. მეგონა ტელესკოლაში მაინც იქნებოდა დღეს პირველკლასელების გაკვეთილები, რადგან მათთვის მართლა მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ მეოთხე და მაღალი კლასების გაკვეთილები იყო“, – ამბობს თამუნა ლეკიშვილი.
„სამი შვილი მყავს, ორი უფროსკლასელი კერძო სკოლის მოსწავლეა და დღეს უკვე დავიწყეთ მეცადინეობა, ცოტა არ იყოს გადატვირთული გრაფიკი მეჩვენება და ამაზეც ვნერვიულობ. რაც შეეხება პატარას, საჯარო სკოლაში დავარეგისტრირე, გუშინ ვიყავით სკოლაში ბუკი და სამი წიგნი მოგვცეს მეორადები, დედაენა და მათემატიკა, არც მოსწავლის რვეულები და არც სხვა წიგნები არ გადმოუციათ, არადა ჩემი ნაცნობები მეუბნებიან, რომ ყველა წიგნი და რვეული მიიღეს და მათ შორის უმეტესობა ახალი დაბეჭდილ იყო, შესაბამისად დღეს არანაირი დისტანციური გაკვეთილი არ ჰქონია პირველკლასელს“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი ნათია კაპანაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
კიდევ ერთი მოსწავლის დედა გვეუბნება, რომ მისი შვილის საჯარო სკოლაში დღეიდან დაიწყო ონლაინ გაკვეთილები, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო თავად ვერ ჩაერთვნენ.
„გაკვეთილი კი ჩატარდა, მაგრამ ბავშვი მყავს მძიმე ინტოქსიკაციით და ვერ მოვახერხეთ ჩართვა, წიგნებიც არ მოგვიტანია ჯერ სკოლიდან. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა, სასკოლო ბუკი გაფუჭდა და აღარ კეთდება. სახლში სხვა კომპიუტერი არ გვაქვს და ტელეფონით, ალბათ, რამეს მოვახერხებთ, თუმცა ისიც არაა კარგ მდგომარეობაში, თან მეც მჭირდება ხოლმე სამსახურის გამო და რას იქნება არ ვიცი“, – აბობს მე- 4 კლასელი გოგონას მშობელი.
დისტანციური სასწავლო წლის დაწყება აქტიურად განიხილება სოცილურ ქსელებშიც:
„ჩემი ბიჭი მეოთხე კლასშია, ამ წუთს გაკვეთილზეა, ცხრილიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი მალე დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“
„ვერ უტარებენ ონლაინ გაკვეთილს, მოიწერეს, ჯერ ცხრილი არ გვაქვს და ტიმსშიც არ არის ასახული საგნებიო“
„ხალხო, სკოლა პანდემიამდე იწყებოდა და მაშინ არ იყო ყველა სკოლაში ბუკი და წიგნები მიტანილი და ცხრილი შედგენილი, რაღა ახლა გიკვირთ?! სულ არ მიხარია ეს პერიოდი, მით უმეტეს, მეორე შვილი პირველკლასელია, მაგრამ რა ვქნა, რას ვიზამ და სხვა რა გზა მაქვს?!“
„ჩვეულებრივი ცხრილიც მზად გვქონდა, ონლაინიც და Teams-ში მართალია ჯგუფები არ ასახულა სამინისტროდან, მაგრამ ჩვენ თვითონ ამოვაარქივეთ და ყველაფერი მზად გვაქვს სწავლის დასაწყებად 178-ე სკოლაში“
„ჩვენ დავიწყეთ! მეექვსე საავტორო სკოლა ყოველთვის წარმატებით უმკლავდება ყველანაირ გამოწვევას. წარმატებები ყველა ბავშვს“
„ჩვენც დავიწყეთ ონლაინ სწავლა უკვე. არანაირი შეფერხება არ გვაქვს. ცხრილიც დროულად მოგვეწოდა და სამომავლო ინსტრუქციაც. წარმატებებს გისურვებთ. იმედია, მალე ისევ აჟრიამულდება სკოლები და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით ყველანი“.
„მესამე კლასში ვართ და ცხრილი არც ჩვენ გვაქვს და, თავისთავად, არც არაფერი დაწყებულა“
„ცხრილი არც ჩვენთან არ არის, პირველი კლასია, სავარაუდოდ ხვალ დაგვიკავშირდება მასწავლებელი, თვითონაც და ჩვენც გაურკვევლობაში ვართ. პირველი კლასი და ონლაინ სწავლება?!”, – წერენ მშობლები.
როგორც ირკვევა, სასწავლო წლის დაწყებას შედარებით მობილიზებულები დახვდნენ კერძო სკოლები, თუმცა მათმა ნაწილმა დაწყებითი კლასების შემეთხვევაში გადაწყვიტა სწავლა 1-ლ ოქტომბერს დაიწყოს, დანარჩენ კლასებში კი პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
„მინდა სკოლაში ვიარო და მეგობრები მყავდეს“ – პირველკლასელები და სხვა ბავშვები კორონავირუსზე
გამოუსადეგარი წიგნები კოვიდით დაჩაგრულ პირველკლასელებს
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება