„მინდა სკოლაში ვიარო და მეგობრები მყავდეს“ – პირველკლასელები და სხვა ბავშვები კორონავირუსზე
დღეს 15 სექტემბერია – სწავლის დაწყების დღე. დღეს დილიდან, ქვეყნის მასშტაბით, თითოეული სკოლისა თუ საბავშვო ბაღის ეზო, დერეფნები და ოთახები უნდა ახმაურებულიყო, საგანგებოდ ამ დღისთვის გამოპრანჭული ბავშვებითა და მასწავლებლებით ავსებულიყო. თუმცა, სასწავლო დაწესებულებები სწავლის პირველ დღესაც ისევე მდუმარედ ხვდებიან, როგორც გასული სასწავლო წლის ბოლო დღეს შეხვდნენ. ქვეყანაში კორონავირუსის ხელახალი აფეთქების გამო სწავლა, დღეიდან, ქვეყნის უმეტეს ნაწილში კვლავ დისტანციურად განახლდა. მაგრამ არაერთი მშობელი გვატყობინებს, რომ მათი შვილები დისტანციური გაკვეთილის გარეშეც დარჩნენ, ნაწილ სკოლებს საგაკვეთილო ცხრილიც კი არ აქვთ მზად.
ეს არაა ერთადერთი, რაც კორონავირუსმა ბავშვების ცხოვრებაში შეცვალა. უფროსების მსგავსად, მათაც მთლიანად ამოუყირავდათ ცხოვრება თუ გეგმები და უფროსებთან შედარებით, ეს მათთვის უფრო რთულად გასაგები და გასააზრებელი აღმოჩნდა.
მე სამი წლის ევას დედა ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იძულებული ვიყავი მომეხერხებინა და კორონავირუსის არსებობა მისთვის გასაგებად და არადამთრგუნველად მიმეწოდებინა. ერთი მხრივ, არ ჩამენგრა მისთვის შიში და პანიკა და მეორე მხრივ მომეხერხებინა გაეთავისებინა, რომ გარკვეული შეზღუდვებითა და სიფრთხილით ცხოვრება მოგვიწევდა.
მომიწია ამეხსნა რატომ შეწყვიტა ერთ მშვენიერ დღეს ბაღში სიარული, მაშინ, როცა იქ წასვლა ძალიან უყვარდა. ამეხსნა რატომ ვეღარ ნახავდა თავის საყვარელ მეგობრებს და მით უმეტეს – შეყვარებულ ალექსის, რომლისთვისაც, ყოველი დღე სასუსნავით გამოტენილი ჯიბე მიჰქონდა. მომიწია ამეხსნა (თან არაერთხელ), რატომ ვეღარ შეძლებდა სკვერებში, პარკებში სიარულს, კარუსელებზე, საქანელებზე, საბავშვო მოედნებზე გართობას. რატომ უნდა იბანოს ხელები ძალიან ხშირად და ხანგრძლივად, რატომ აღარ შეიძლება საყიდლებზე მშობლებთან ერთად მაღაზიებში სიარული, ნათესავებთან წასვლა და ა.შ. ევას, ბოლო თვეების განმავლობაში, მისი ასაკისთვის შეუფერებელი ბევრი რამის გაგება და გათვალისწინება მოუწია. მე კი, როგორც მის დედას, დიდი ძალისხმევის გაწევა მომიხდა იმისთვის, რომ მისთვის ეს ყველაფერი სტრესის გარეშე ამეხსნა და მიმეხვედრებინა თანაც არა ერთხელ, არამედ ყოველ ჯერზე, როცა მას ბაღი, ალექსი, ან კარუსელები გაახსენდებოდა.
დღეს დილას ევასთვის არ გვითქვამს, რომ წესით, ახლა, ლამაზ კაბაში გამოწყობილი, საბავშვო ბაღისკენ უნდა მივგვყავდეს, სად წასვლაზეც უკვე 6 თვეზე მეტია ოცნებობს. კორონავირუსმა მასაც გაურთულა ცხოვრება და, ალბათ, ზრდასრულებზე მეტადაც კი. გაურთულა სხვა ბავშვებსაც, სხვადასხვა ასაკისებს, სხვადასხვა ინტერესი და ცხოვრების წესი რომ აქვთ. ჩემსა და ევას მსგავსად, მსოფლიოში მილიონობით მშობელსა და ბავშვს იგივე გზის გავლა მოუწია. ზოგისთვის ეს გზა მეტად მტკივნეული იყო, ზოგისთვის – ნაკლებად. არავინ იცის როდის, მაგრამ ისინი სკოლებსა და ბაღებს სრულიად განსხვავებული წესებით დაუბრუნდებიან და კიდევ არაერთი აკრძალვისა და მითითების დამახსოვრება და გათვალისწინება მოუწევთ.
ნიკა ჩხაიძეს ცხოვრებაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა ჰქონოდა – ის სკოლაში პირველად უნდა წასულიყო. ყველა სხვა ბავშვის მსგავსად, ამას ისიც განსაკუთრებულად ელოდა და დღის ბოლოს, წესით, სახლში შთაბეჭდილებებით დახუნძლული უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა უკვე მოუწია იმასთან შეგუება, რომ სკოლაში მისი პირველი დღეც, თვეცა და შესაძლოა, წელიც, განსხვავებული და არც ისე სახალისო იქნება.
ნიკას კორონავირუსმა საყვარელი საქმიანობა – ცურვაც შეაწყვეტინა. გარდა ამისა, ისე დაასრულა ბაღი, რომ ვერც მეგობრებს გამოემშვიდობა, ვერც აღმზრდელებს და არც საზეიმო ღონისძიება ჰქონია. კორონავირუსმა იმდენად დააინტერესა, რომ გარშემომყოფებს მუდმივად მასზე უსვამს კითხვებს და უკვე საკმაო ინფორმაციაც დააგროვა ვირუსის წარმოშობის შესახებ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოფიციალური ვერსიის ნიკას არ სჯერა და ფიქრობს, რომ ვირუსი მეცნიერებმა შემთხვევით შექმნეს.
„სკოლაში წასვლა მიხარია, (ოქტომბერს გულისხმობს) მაგრამ სულ ხელები რომ უნდა ვიბანო, არ მინდა. ჩემი აზრით, ვინც ბევრს ჭამს და ბევრს ვარჯიშობს, იმას კორონა არ შეხვდება. არ მომწონს, რომ სკოლაში ბუფეტი არ იქნება. ყველაზე მეტად ეგ მიხაროდა. საჭმელი რომ მომშივდება, სად ვჭამო? არ მომწონს ისიც, რომ დედას არ შეუძლია კლასში შემომყვეს. მარტო შესვლა არ მინდა. მასწავლებელმა ბევრ ბავშვში რომ ვერ მიცნოს და დავიკარგო? ან ტუალეტში რომ მომინდეს გასვლა და მაშინ დავიკარგო?
„მე ვიცი როგორც გაჩნდა კორონა – ვიღაც მეცნიერი იყო და იმ მეცნიერს რაღაცის გამოგონება უნდოდა. როგორც მაგალითად ფანჯრის, ვიღაცებმა ხომ გამოიგონეს? ხოდა ამასაც რამე დასახმარებელის გამოგონება უნდოდა, მაგრამ რაღაცები აერია და ვირუსი გაჩნდა. მერე ეს ვირუსი ამ მეცნიერს გადაედო, მერე იმან სხვას აკოცა, ის კიდევ სხვას ჩაეხუტა და ყველას გადაედო“, – ასე მსჯელობს ნიკა.
15 სექტემბერი, ნიკას მსგავსად, ნინი სამხარაძისთვისაც დაუვიწყარი დღე უნდა ყოფილიყო -ისიც პირველკლასელია, თუმცა დილას ვერც ახალი ტანსაცმლის ჩაიცვა და 09:00 საათისთვის ვერც სკოლაში წავიდა, მშობლებთან ერთად, თაიგულით ხელში, მასწავლებლისა და კლასელების გასაცნობად. ნინის სკოლაში სიარულის საკითხიც, ისევე როგორც დანარჩენი ბავშვების, გაურკვეველია. ვერც მან შეძლო საბავშვო ბაღის დასრულება და ზოგადად, როგორც ნინი გვეუბნება, კორონავირუსმა უამრავ რამეში შეუშალა ხელი.
„კორონავირუსზე არ ვბრაზობ, მაგრამ სახლში ყოფნა არ მინდა. მოწყენილი ვარ. თეატრში ვაპირებდი სიარულს, მაგრამ კორონავირუსის გამო ვეღარ დავდივარ. თეატრიდან გამომიყვანეს. ინგლისურზეც ვეღარ დავდივარ. კორონავირუსი ძალიან ცუდია, მხოლოდ სახლში ვარ და არაფერს ვაკეთებ. ვირუსი რომ არ ყოფილიყო, ბაღშიც ვივლიდი, ეზოშიც ბევრს ვითამაშებდი. სკოლაც არ დაიწყება, ტელეფონით უნდა ჩავერთო და ესძალიან არ მომწონს. პირველად რომ იყო კორონა, მაშინ ვნახე როგორ ერთვებოდნენ სხვები ტელეფონით სკოლაში. ასეთი სკოლა არ მომწონს, მინდა, რომ სკოლაში ვიარო და მეგობრები მყავდეს. ასე მეგობრებიც არ მეყოლება. კორონას გამო ყველაფერი შეიცვალა“, – გვითხრა ნინიმ.
ელენე გიუნაშვილი კი 3 წლისაა და კორონავირუსმა მასაც ბაღზე, მეგობრებზე, საყვარელ საქანელებსა და სხვა გასართობებზე ათქმევინა უარი. სწავლით კი ის ასწავლა, რომ ხელები ხშირად და დიდხანს უნდა დაიბანოს. ამაზე ელენემ უკვე იმდენი იცის, რომ ზოგჯერ დედასაც კი უწუნებს ხელის დაბანის ტექნიკას.
„კორონავირუსი ცუდია, რადგან მაგის გამო ბაღი არ არის. დედა და მამა რომ სახლში იყვნენ, კარგია, მაგრამ ბაღი მომენატრა და მინდა ვიარო. არ მომწონს, რომ დედიკო ბაღში არ შემოვა და დათუნიასაც ვერ წავიყვან“, – გვითხრა მან.
4 წლის სანდრო მდივანისთვის კარანტინი სრულიად მოულოდნელად დაიწყო, როცა ოჯახი, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულ თვითიზოლაციაში აღმოჩნდა. ბავშვებისთვის, რომლებიც ეზოში დღეში მინიმუმ 3-4 საათს ატარებდნენ, წესით, სახლში გამოკეტვა რთული უნდა ყოფილიყო, თუმცა დედის ახსნამ შემდეგი გამოიღო.
“სახლში ყოფნას არაფერში შეუშლია ხელი, მარტო მამა მენატრებოდა” – ასე იხსენებს სანდრო ორთვენახევრიან პერიოდს, რომელიც სრულ იზოლაციაში დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად გაატარა. მამას, რომელსაც სამსახურის გამო ოჯახთან მისვლა არ შეეძლო, მხოლოდ ფანჯრიდან ხედავდა და კითხვებიც, ძირითადად, ამასთან დაკავშირებით ჰქონდა:
მამა რატომ მოდის მარტო ფანჯრიდან? რატომ არ შემოდის სახლში? საიდან გაჩნდა ვირუსი? რატომ გაჩნდა საქართველოში? როდის წავა? რა ცუდია ეს ვირუსი, მამას რომ არ უშვებს სახლში – ასეთია სანდროს ყველაზე ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალი. სხვა მხრივ, არც გარეთ გასვლას ითხოვდა და არც ბაღი ენატრებოდა. მეგობრების დანაკლისი უმცროსი ძმით აინაზღაურა. ძმები მეტად დამეგობრდნენ და ერთმანეთზე ზრუნვასაც მეტად მიეჩვივნენ. სანდრო იმისთვისაც მზადაა, რომ სახლში ყოფნა კიდევ ერთხელ გახდეს საჭირო და ამ თემას მისი ასაკისათვის უჩვეულო გაგებით ეკიდება. მისთვის მთავარია ოჯახი ერთად იყოს და მამას სახლში ყოფნა ამჯერად მაინც შეეძლოს.
ლუკა ბებია (10 წლის): „კორონავირუსის გამო ვერც სკოლაში დავდივარ, ვეღარც ცურვაზე და ვეღარც ჭადრაკზე. ჭადრაკი ძალიან მომწონდა. ყველაფერში ხელი შემიშალა. სკოლაში ახლაც რომ ვერ მივდივარ და ჩემს მეგობრებს რომ ვერ ვნახულობ, განვიცდი, რადგან მომენატრნენ. ონლაინ გაკვეთილები ძალიან ძნელია. თომა (პატარა ძმა) არ მაცდის ხოლმე. არ მომწონს ასეთი სწავლა. მინდა, რომ სკოლაში ვიარო. მე ვფიქრობ, რომ კორონავირუსმა მხოლოდ დიდებს არ შეუშალა ხელი, ბავშვებსაც შეგვიშალა.“
თეკლე და ლილე ფიცხელაურები (10 წლის): „დღეს სკოლაში უნდა წავსულიყავით, დედამ ახალი კაბები გვიყიდა და ერთი სული გვქონდა ჩაგვეცვა, მაგრამ ალბათ ვერც ჩავიცვამთ, რადგან სანამ სკოლაში წასვლას შევძლებთ, აცივდება.
მეგობრებს საერთოდ ვერ ვნახულობთ, გვენატრებიან. სკოლა გვენატრება და რომ არ იწყება, ძალიან ცუდია. ისევ დისტანციური სწავლა საშინელებაა, ინტერნეტი სულ ჭედავს, ხმა არ ისმის, მასწავლებლის ნათქვამს ხშირად ვერ ვიგებთ. სკოლაში რომ გვიხსნიდნენ, უფრო კარგად ვსწავლობდით. კორონავირუსის გამო ვეღარც ცურვაზე დავდივართ, ვეღარც ხატვასა და სიმღერაზე. გაზაფხულზე და ზაფხულში ჩვენი მეგობრების დაბადების დღეები იყო და ვერ წავედით. ამაზე ძალიან დაგვწყდა გული. სულ მალე ჩვენი დაბადების დღეა გვინდოდა კლასელებთან ერთად კაფეში აღგვენიშნა, მაგრამ დედამ გვითხრა, არ გამოვაო, სტუმრებს ვერც სახლში დავპატიჟებთ. იმედია სკოლაში მალე დავბრუნდებით. ამბობენ, რომ ადრინდელივით აღარ ვიქნებით, არც ბუფეტი გვექნება არც ზეიმები, ბავშვებს დასვენებაზე ერთად შეკრებაც აგვეკრძალება, მაგრამ არაუშავს, მთავარია სკოლაში დავბრუნდეთ.“
ამ დროისათვის მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება