ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბრიტანეთის საბჭო თანამშრომლობას იწყებენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) და ბრიტანეთს საბჭომ (British Council) გრძელვადიანი თანამშროლობის მემორანდუმი გააფორმეს. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, აიმაღლონ ინგლისური ენის ცოდნის დონე და გაიუმჯობესონ ის უნარები, რომლებიც მათ უცხო ენასთან ერთად დაეხმარებათ საკუთარი სპეციალობების დაუფლებაში. ყურადღება დაეთმობა საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო (STEM) სფეროში საჭირო ტექნიკური ინგლისური ენის შესწავლას. ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, სტუდენტებმა სრულყოფილად შეძლონ ტექნიკური დარგების დაუფლება ინგლისურ ენაზე. დამატებით, წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სართაშორისო სერთიფიკატს.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან ბრიტანეთის საბჭოს პედაგოგები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში იწყებენ ინგლისური ენის სწავლებას. პროგრამა სპეციალურად KIU-ს მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა, ხოლო მოგვიანებით, ტრენერებს საშუალება მიეცემათ, სასწავლო პროცესი კამპუსში გააგრძელონ.
ბრიტანეთის საბჭო
ბრიტანეთის საბჭო 80 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ინგლისური ენის სწავლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გააჩნია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება ესპანეთში, მექსიკაში, ტაილანდში, იაპონიაში და ყოველი თანამშრომლობა მორგებულია კონკრეტული ქვეყნის და უნივერსიტეტის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. ინგლისური ენის სწავლების გარდა, ბრიტანეთის საბჭო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო გამოცდების ადმინისტრირებას (IELTS, Aptis, Cambridge Assessment English და ა.შ.), ხელოვნების სფეროში განხორციელებულ პროექტებს. აღნიშნული პროგრამების მონაწილეებს კი არაერთ საერთაშორისო კონკურსში მოუპოვებიათ აღიარება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით.
წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები მიიღო. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით, KIU ნომერი პირველი საჯარო (სახელმწიფო) უნივერსიტეტია დღეს საქართველოში. უნივერსიტეტში სწავლა ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალე კამპუსში გაგრძელდება.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი