ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე პირველ პრეზენტაციას გამართავს
28-29 თებერვალს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას N11 პავილიონში, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მიიღებს მონაწილეობას.
უნივერსიტეტის სივრცე, 28 თებერვალს, 11:30 საათზე გაიხსნება და მას უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მოწვეული სტუმრები და აბიტურიენტები დაესწრებიან.
ორი დღის განმავლობაში KIU-ს სივრცის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, დაათვალიერონ KIU-ს გამოფენა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში და გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ ბაკალავრიატის პროგრამებზე.
გამოფენაზე მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება მინი კონკურსი, რომელიც მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების უნარით გამორჩეულ მოსწავლეებს გამოავლენს. ქუთაისის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქის გამოფენა ექსპო ჯორჯიაში 29 თებერვალს, 17:30 საათზე, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) შესახებ:
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებისთვის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ერთი მილიარდი ევროს გაიღებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM). . KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. აკადემიური პერსონალი შედგება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებისგან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება, ხოლო წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს: თანამედროვე ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს, ევროპული სტანდარტის განათლებას, ინტერდისციპლინურ პროგრამებს, ცოდნის გამოყენებაზე ორიენტირებულ სწავლებას, სტუდენტების სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამებს, მულტიკულტურულ სტუდენტურ გარემოს, საერთაშორისო აკადემიურ პერსონალს, ელექტრონულ და ინტერაქტიულ სწავლებას.
საკონტაქტო პირი:
გიორგი კოპალეიშვილი, ელ-ფოსტა: pr@kiu.edu.ge მობილური: 595 29 89 89.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი