რა ცვლილებები შევა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები
2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება განხორციელდება. ცვლილება შეეხება ასევე სხვადასხვა საგანში მინიმალური კომპეტენციების ზღვარსაც.
იხლეთ რა სახის ცვლილებები შევა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე:
ისტორია
გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.
„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ – აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.
„ისტორიული მოვლენის შეფასება“ – აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი – შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება.
უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი. (იხილეთ ნიმუში)
მათემატიკა
აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. (იხილეთ ნიმუში)
უცხოური ენები
მიმდინარეობს უცხოური ენების ტესტის ერთ-ერთი დავალების აპრობაცია. შედეგების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა 2020 წლის ტესტში რაიმე ცვლილება.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სხვადასხვა საგანში
აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
შენიშვნა! – როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის გამოცდა ყველა აბიტურიენტისათვის ერთნაირად სავალდებულო იქნება, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრა უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებებისათვის, ხოლო ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში.
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე