GE

რამდენიმე სკოლა I-VI კლასებში სწავლების დასწრებულ რეჟიმს დაუბრუნდა

თბილისის 115-ე საჯარო სკოლა, რომელიც კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ხვალიდან დასწრებულ რეჟიმზე გადადის.

I-VI კლასებში სწავლების დასწრებულ რეჟიმს დღეიდან დაუბრუნდა თბილისის 45-ე საჯარო სკოლაც, სადაც დისტანციურ ფორმატზე იმის გამო გადავიდნენ, რომ ერთ-ერთი პედაგოგი ინფიცირებულთან კონტაქტი აღმოჩნდა.

პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან, დისტანციური სწავლების მსურველები კი კვლავ ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ გაკვეთილების მოსმენას.

„სსიპ ქ.თბილისის N 115 საჯარო სკოლაში, სწავლა 20 ოქტომბრიდან (I-VI კლასებში) საკლასო ოთახებში განახლდება. ამასთან, იმ  მოსწავლეებისთვის,  რომელთა მშობლებმაც არჩევანი დისტანციურ სწავლებაზე გააკეთეს, გაკვეთილები გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში“, – წერს 115-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფიქრია ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რის გამოც სკოლამ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა.

I-VI კლასებში სწავლების დასწრებული რეჟიმი გრძელდება ქ.თბილისის 151-ე საჯარო სკოლაში, რომლის მოსწავლეს და მასწავლებელსაც  კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად, სწავლა საკლასო ოთახებში გრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური