GE

რეგიონებში სკოლების დიდი ნაწილი სწავლების ონლაინ რეჟიმს უბრუნდება – განახლებული მონაცემები

ეპიდვითარების დამძიმების ფონზე, საქართველოს რეგიონებში ყოველდღიურად იზრდება იმ სკოლების რაოდენობა, სადაც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, მიზეზი რიგ შემთხვევებში სკოლებში დაფიქსირებული ფაქტებია, რიგ შემთხვევებში კი – კონკრეტულ დასახლებებში ეპიდვითარების გაუარესება.

ბოლო მონაცემებით, სამცხე ჯავახეთში ასეთი 42 სკოლაა. დისტანციურად სწავლობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის 15 სკოლაში. აქ ვირუსი მოსწავლეებს, პედაგოგებს და მოსწავლეების ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ,  ვირუსის გამო, დისტანციური სწავლებაა ნინოწმინდის –12; ბორჯომის – 5; ასპინძის –4 , ადიგენის –4 და ახალქალაქის 2 სკოლაში. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით ყველა სკოლის ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება.

დისტანციურ რეჟიმზე მომუშავე სკოლების რიცხვი იმატებს იმერეთშიც, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციაში ზუსტ რიცხვს ვერ გვეუბნებიან, რადგან აცხადებენ, რომ მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. რეგიონში ათეულობით სკოლა, სადაც სწავლის დასწრებული რეჟიმი იყო ონლაინ სწავლაზე გადავიდა, მათ შორისაა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლა, რომელიც მოსწავლეებს ორი კვირის მანძილზე დისტანციურ რეჟიმში ასწავლი. დისტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაც, სადაც შენობა 9 დეკემბრამდე დაიხურა.

„ჩვენს სოფელში იმატა კოვიდინფიცირების გავრცელების რისკმა. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს სკოლის შიდა გავრცელების საშიშროება და გამოკითხვის შესაბამისადაც, მშობელთა თითქმის 80%-ის მოსაზრებით, ამ ეტაპზე უმჯობესია, რომ სწავლა გავაგრძელოთ დისტანციურად, თხოვნით მივმართეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ სამსახურს, რომელმაც მოგვცა რეკომენდაცია, ორი კვირის ვადით სკოლა სრულად გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე“, – აცხადებს სკოლის დირექტორი ია კვატაია.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა – 576, იმერეთი – 212, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 101, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამასთან, კვლავ უცნობია განახლდება თუ არა 25 ნოემბრის შემდეგ სასწავლო პროცესი იმ დიდ ქალაქებში, სადაც სწავლა საკლასო სივრცეში მაღალკლასელების გარდა, დაწყებითების მოსწავლეებსაც შეეზღუდათ და ითქვა, რომ ეს ვითარება 25 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური