როგორ პასუხობს „ლეიბორისტული პარტია“ განათლების პროგრამის შესახებ კითხვებს?
სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკა იყო, განათლება არც ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიისთვისაა უმთავრესი პრიორიტეტი.
მაგრამ, დღეს საქართველოს ლეიბორისტული პარტია ამბობს, რომ განათლება მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც, ცხადია, მისასალმებელია და განათლების ბედით დაინტერესებულ ამომრჩეველს აქვს საშუალება, რომ ლეიბორისტული პარტიის ინიციატივები შეაფასოს.
პარტიის ხედვები განათლებაზე იხილეთ აქ: განათლება – ლეიბორისტული პარტია
EDU.ARIS.GE-მ ლეიბორისტულ პარტიას განათლებასთან დაკავშირებულ წინასაარჩევნო ხედვებზე დაზუსტება სთხოვა:
EDU.ARIS.GE: ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო ხედვაში განათლების საკითხებთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ „სასკოლო მასალა სრულ შესაბამისობაში მოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებთან“.
თქვენი აზრით, დღემდე ჩატარებული ეროვნული გამოცდებისა და სასკოლო მასალის შინაარსი აცდენილია ერთმანეთს? გთხოვთ დაგვიკონკრეტოთ, რამდენი პროცენტით არის აცდენილი, რომელ ნაწილებში?
პარტიამ თავისი პოზიცია დაადასტურა – „სასკოლო მასალა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის“, თუმცა რამდენი პროცენტით არის აცდენილი სასკოლო მასალა, პარტიამ არ იცის, რადგან „არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები“. პარტიამ ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რომელ ნაწილშია სასკოლო მასალა ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებულ მასალასთან აცდენილი.
EDU.ARIS.GE: ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო ხედვაში განათლებაზე ვკითხულობთ, რომ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მოხდება მოსწავლეებისათვის უფასო ერთჯერადი კვების ორგანიზება სასკოლო დაწესებულებებში.
გთხოვთ, განგვიმარტოთ, პარტიის ინიციატივა რომელი კლასის მოსწავლეებს შეეხება, შეეხება თუ არა კერძო სკოლების მოსწავლეებს და ფარავს თუ არა სკოლებს მთელი საქართველოს მასშტაბით?
გაქვთ თუ არა წარმოდგენილი მოსწავლეებისათვის სავარაუდო მენიუ? იქნება თუ არა გათვალისწინებული სპეციალური კვების რაციონის საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნები?
რა იქნება საშუალოდ ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი დღიური პორციის ღირებულება და, შესაბამისად, რა ღირს მთლიანი ინიციატივა წლიურად? რომელი წყაროდან უნდა დაიფაროს ეს ხარჯი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ სხვა წყაროდან?
შეძლებთ თუ არა თქვენ ამ ინიციატივის შესრულებას შესაძლო მმართველობის პირველივე წლის განმავლობაში?
იზიარებენ თუ არა თქვენ მიდგომას ბავშვების კვებასთან დაკავშირებით ის პარტიები, რომლებიც შესაძლოა კოალიციური მთავრობის შემთხვევაში თქვენთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში?
პასუხად მივიღეთ, რომ ეს ინიციატივა სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 260 მილიონი ლარი დაუჯდება და „სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების პროგრამა გავრცელდება ყველა კლასის მოსწავლეზე, მთელი საქართველოს მასშტაბით“, მენიუ იქნება მრავალფეროვანი და სპეციალური კვების საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნებიც გათვალისწინებული იქნება. უფასო კვების პროგრამის განხორციელებას, პარტია ორ წელიწადში შეძლებს.
პარტიის განმარტებით, ინიციატივა მხოლოდ საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეხება.
ლეიბორისტულმა პარტიამ ვერ დაადასტურა, რომ მისი პარტნიორი პარტიები შესაძლო კოალიციურ მთავრობაში, ბავშვების კვებასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის მიდგომას იზიარებენ.
EDU.ARIS.GE: ლეიბორისტული პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რამდენ წელიწადში ხედავთ განათლების ნაწილში თქვენი ხედვების შესრულებას? ოთხი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, რომელ ადგილზე ხედავს პარტიის ლიდერი საქართველოს ადგილს PISA-ს და PIRL-ის კვლევებში? ასევე, რამდენ ქართულ უნივერსიტეტს ხედავს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში THE-ს, QA-ს, US NEWS-ისა და ARWU-ს რეიტინგში?
ლეიბორისტულ პარტიას მიიჩნია, რომ შესაძლებელია მინიმუმ 1 ათეულით დაწინაურდნენ – „ქვეყნებს შორის პირველივე წლებში! რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ჩვენ უნდა შევძლოთ და 4 წლის შემდეგ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს საუკეთესო უნივერსიტეტის ათასეულში“ (ტოპ-1000).
EDU.ARIS.GE: არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ვინ იქნება თქვენი კანდიდატი(ები) (გვარი და სახელი) საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე?
პარტიამ ახალი მთავრობის სავარაუდო მინისტრის კანდიდატურა(ები) ვერ დაასახელა – „განათლების მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატი ჯერჯერობით არ გვყავს“.
EDU.ARIS.GE: პარტიისთვის რომელ ადგილზეა განათლების განვითარება პრიორიტეტით სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის? ასევე, გთხოვთ, ჩამოგვითვალოთ თქვენი პრიორიტეტების პირველი სამეული.
პასუხად მივიღეთ, რომ განათლება პარტიის პრიორიტეტებში პირველ ადგილზეა -„პარტიისთვის სამ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს განათლება, ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა.