GE

როგორ შევქმნათ მოსწავლეთა სურვილებზე მორგებული სასკოლო პროექტი – ახალგაზრდა პედაგოგის ხედვა კოლეგებისთვის

როგორც წესი, მოსწავლეებს ხშირად აქვთ სურვილი, ისეთი სასკოლო პროექტი შექმნან, რომელიც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. მაგალითად, მოაწყონ დასასვენებელი კუთხე, გაამწვანონ სკოლის ეზო, მოხატონ სკოლის შენობა… ასეთი იდეების პროექტად ქცევა მარტივი ნამდვილად არ არის და ამ პროცესში მათ აუცილებლად სჭირდებათ მასწავლებლის მხარდაჭერა.

EDU.ARIS.GE -ს რესპონდენტი ქ.თბილისის 192-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი გუგა დუდუჩავაა, რომელსაც პროექტების წერის დიდი გამოცდილება აქვს. ახალგაზრდა პედაგოგი დეტალურად გვიხსნის, როგორ შევქმნათ მოსწავლეების სურვილებზე მორგებული სასკოლო პროექტი, რა წესები უნდა დაიცვათ პროცესში და რატომ.

– გუგა, პირველ რიგში, გვითხარით, რა არის სასკოლო პროექტი და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მასში მოსწავლეთა ჩართულობას?

– გეტყვით, რომ პროექტული სწავლება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სასწავლო პროცესში პროექტული სწავლების გამოყენება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიდგომას ეყრდნობა განახლებული, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. ვიცით, რომ თანამედროვე სკოლის მიზანი მოსწავლეებში ისეთი უნარების გამომუშავება და იმ ღირებულების განვითარება უნდა იყოს, რომელიც დღეს არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. სასკოლო პროექტების გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში. ცხადია, მოსწავლეთა ჩართულობის და მათი ინტერესის გამოწვევის გარეშე, სასკოლო პროექტის დაგეგმვას არც არანაირი აზრი ექნება. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ სასკოლო პროექტის მთავარი აქტორები მოსწავლეები არიან. ჩვენ კი, მასწავლებლები, მათი დამხმარეები ვართ.

– ვინ უნდა იყოს სასკოლო პროექტში ჩართული, მხოლოდ მოსწავლეები და პედაგოგი?

– პირველ რიგში, სასკოლო პროექტში მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩართულნი. ბუნებრივია, სასკოლო პროექტი ვერ იქნება წარმატებული მასში მთლიანი სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. მნიშვნელივანია, სკოლის დირექციის და ადმინისტრაციის მხარდაჭერა. სხვადასხვა პროექტები შესაძლოა, განხორციელდეს კათედრების ერთობლივი მუშაობით. პროექტის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, მასში სკოლის მოსწავლეების მშობელთა ჩართულობაც. ასევე, შესაძლებელია იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც თემატურად მუშაობენ შესაბამისი მიმართულებით.

რა გეგმას უნდა მიჰყვეს მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეთა სურვილებსა და ინტერესებზე დაფუძნებული პროექტის ორგანიზება სურს?

  • პირველ რიგში, საჭიროა პროექტი მოარგოს მოსწავლეთა ინტერესებს. ამისთვის მასწავლებელი უნდა გაეცნოს მოსწავლეთა სურვილებს, აწარმოოს  ერთგვარი დღიური, სადაც ყველა გაჟღერებულ იდესა თუ სურვილს ჩამოწერს. მარტივად რომ ვთქვათ, გაწეროს სამუშაო ეტაპები, პირველი ეტაპი კი მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრაა, იდეების ბანკის წარმოებისთვის;
  • პროექტის დაგეგმვამდე, კარგი იქნება, თუ კვლევას ჩაატარებთ. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მის ხელთ არსებული რესურსები და შესაძლებლობები, სასკოლო საზოგადოებაში არსებული საჭიროებები. პროექტის დაგეგმვის დროს, მან უნდა გაითვალისწინოს, რა მატერიალური თუ ფინანსური რესურსების მობილიზება შეუძლია თავად;
  • პროექტის დაგეგმვის პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით უნდა წარმართოს და მხოლოდ თვითონ არ იყოს წამყვანი ფიგურა. არ დაავიწყდეს, რომ მისი როლია, მოსწავლეებს დაეხმაროს და ასწავლოს, დომინანტის პოზიცია არ არის საჭირო. მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ, რომ მასწავლებელი მათი იდეის მთავარი მხარდამჭერია;
  • პროექტი ნათლად და გასაგებად უნდა იყოს გაწერილი. კარგად იყოს ჩამოყალიბებული მისი მიზნები, ამოცანები, განხორციელების ვადები და ყველა სხვა კომპონენტი. გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის სამიზნე ჯგუფის საჭიროებები, მისაღწევი შედეგები. ამისთვის მასწავლებელს შეუძლია, კონსულტაცია უფრო გამოცდილ კოლეგებთან გაიაროს, ან მიმართოს ადამინს, რომელიც იცის, რომ პროექტების წერაში გამოცდილია;
  • მნიშვნელოვანია, შემუშავებულ იქნას პროექტის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების ეფექტური მექანიზმები. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა ეტაპზეა მისი პროექტი, როგორ მუშაობენ ბავშვები და თავად როგორ მუშაობს, მონიტორინგი საუკეთესო გზაა თვითრეფლექსიისთვის;

– ურჩიეთ კოლეგებს, რა შეცდომა არ უნდა დაუშვან, როდესაც სასკოლო პროექტს აორგანიზებენ?

– ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, არის დამოკიდებულება, თუ როგორ უდგება მასწავლებელი სასკოლო პროექტის განხორციელებას. პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მასწავლებლის მიერ არ უნდა იყოს აღქმული, როგორც დამატებითი ტვირთი. მასწავლებელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სასკოლო პროექტი, პირველ რიგში, მოსწავლეთათვის კეთდება. პროექტი არ უნდა კეთდებოდეს უბრალოდ იმისთვის, რომ სკოლას განხორციელებულ აქტივობად ჩაეთვალოს. ხშირად, პროექტის ცნება არასწორი მნიშვნელობით ესმით. ზოგადად, პროექტი გულისხმობს რაიმე საზოგადოებრივი პრობლემის მოსაგვარებლად ან ინიციატივის განსახორციელებლად დაგეგმილი ნაბიჯების ერთობლიობას. სასკოლო პროექტის განხორციელება, მოსწავლეებში დამატებით სხვადასხვა აუცილებელი უნარების და კომპეტენციების განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს.

– გუგა, აქტუალური კითხვაა, როგორ მოიძიოს პედაგოგმა თანხები, თუ პროექტი დაფინანსებას საჭიროებს?

– ზოგიერთი პროექტის განხორციელებისთვის, შესაძლოა, სკოლას თავად გააჩნდეს საჭირო ფინანსები. ასევე, პროექტისთვის საჭირო რესურსების მობილიზება მოსწავლეებსაც შეუძლიათ, ან მთლიანად სასკოლო საზოგადოების წევრები ჩაერთონ პროცესში. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მოპოვება. დონორის (დამფინანსებლის) მხარდაჭერის მოსაპოვებლად საჭიროა სპეციალური საპროექტო განაცხადის შევსება, რომლითაც დონორს მიმართავთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს 600-ზე მეტ სკოლაში მიმდინარე სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია PH international ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში სკოლებს შეუძლიათ, რომ სხვადასხვა პროექტებისა თუ ინიციატივების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსება მოიპოვონ. ასევე, კერძო ბიზნესის დაინტერესებითა და ჩართულობითაც შესაძლებელია სხვადასხვა პროექტების განხორციელება.

ახლა კი გთხოვთ, გაგვიზიაროთ მოსწავლეთა სურვილებზე მორგებული პროექტის თქვენეული ვერსია

– ასეთი პროექტის მაგალითია „საზოგადოებრივი კარადა“, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის იდეის საფუძველზე მოვამზადეთ. პროექტის მიხედვით, ჩვენი სკოლის სივრცეში უნდა განთავსდეს სპეციალური კარადა, რომელიც ადამიანებისთვის სხვასხვა საჭიროების ნივთების გაზიარების შესაძლებლობას მოგვცემს. ამჟამად, ასევე ვმუშაობთ კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც მოსწავლეთა თეატრის შექმნას გულისხმობს. ჩვენი პროექტი “სოციალური კარადა” USAID-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზეც წარვადგინეთ, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს სოციალური ტიპის პროექტები ჰქონდათ გამოტანილი. ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა სურვილებზე მორგებულ პროექტს ნამდვილად სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, თუ პროექტი გარკვეულ დახმარებას საჭიროებს. ამითვის კი პედაგოგის ჩართულობაა მნიშვნელოვანი, მან უნდა შეძლოს, მოსწავლეებთან ერთად ბოლომდე მიიყვანოს საქმე და აჩვენოს, რომ მათ დაუღალავ მუშაობას ნამდვილად მოჰყვა შედეგი.

ასევე იხილეთ:

თუ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას გეგმავთ – 2 მთავარი შეცდომა და სწორი მომზადების გზები

როგორ ვუბიძგოთ მოსწავლეს ახალი აღმოჩენებისკენ ესგ-ის მიზნის შესაბამისად – „ყველაფერი უბრალო ქაღალდის შესახებ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური