GE

როგორ ვუბიძგოთ მოსწავლეს ახალი აღმოჩენებისკენ ესგ-ის მიზნის შესაბამისად – „ყველაფერი უბრალო ქაღალდის შესახებ“

ახალი, ე.წ. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით, სწავლა-სწავლების მიზნებს შორის ერთ-ერთია „მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა“.

ესგ-ში განმარტებულია, რომ სწავლა-სწავლების ამ კონკრეტული მიზნის განვითარებით მოსწავლემ უნდა შეძლოს, განივითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები: „სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა, ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით, მზაობა გამოწვევების მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად“.

პედაგოგები, რომელთა შორის არის ჩვენი რესპონდენტიც, ამბობენ, რომ ეს მიზანი მოსწავლის როგორც პიროვნული, ისე კარიერული წინსვლისა და წარმატების საფუძველია, ამ მიზნის გზას კი, მოსწავლე ახალ აღმოჩენებამდე უნდა მიჰყავდეს.

EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია, როგორ უნდა ვუბიძგოთ მოსწავლეს ახალი აღმოჩენებისკენ და რა მიდგომებს იყენებენ პედაგოგები პრაქტიკაში. ვესაუბრეთ თბილისის 182-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, ნინო ხმალაძეს, რომელიც კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

– ქალბატონო ნინო, გვითხარით, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მოსწავლემ ახალი აღმოჩენა უნდა გააკეთოს?

– შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე: „ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება და შესაძლებლობა, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის“ (მუხლი #9). ამას ემატება ესგ-ში ჩამოთვლილი საკვანძო კომპეტენციებიც. პიროვნების განვითარებისა და ამ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის კი საჭიროა, მასწავლებელმა უბიძგოს თითოეულ მოსწავლეს, ახალი აღმოჩენებისკენ. როცა ვამბობთ, რომ მოსწავლეს უნდა ვუბიძგოთ გააკეთოს ახალი აღმოჩენები, ვგულისმობთ, რომ მოსწავლემ უნდა განივითაროს ჯერ საბაზისო ცოდნა, უკვე მიღებული ცოდნით შეძლოს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ბოლოს, მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი. არ დარჩეს განვითარების ერთ საფეხურზე, გამოუმუშავდეს ახალი აღმოჩენის გაკეთების შესაძლებლობა.

– როგორ მიგყავთ მოსწავლე ახალი აღმოჩენებისკენ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მაგალითად, როცა კონკრეტულ თემას ხსნით, ვთქვათ ტოლერანტობას

– მე, როგორც დაწყებითების პედაგოგი, პირველ რიგში, ვითვალისწინებ მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს და მათ ინტერესებს. ვცდილობ, გავუღვიძო ცნობისმოყვარეობა, არ დავტოვო მათი არცერთი კითხვა უპასუხოდ. ჩემი მიზანი ამ პროცესში არის ის, რომ თითოეული მოსწავლის ცოდნა ახალ ეტაპზე გადავიყვანო.

მაგალითად, თუ ვსაუბრობ თემაზე „ტოლერანტობა“, ჯერ უნდა განვმარტო ტერმინი ასაკის შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით, მოვიყვანო მაგალითები ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, მათვე დავანახო პრობლემის არსი და მათგანვე მოვისმინო გადაჭრის გზები. მასწავლებლისთვის ყველა მოსაზრება მისაღები უნდა იყოს. ჩვენი ვალია, მცდარი აზრის შემთხვევაში, მსჯელობით და არგუმენტებით მივიყვანოთ მოსწავლე ლოგიკურ აზროვნებამდე. ახალი აღმოჩენის საფუძველი ყოველთვის ცოდნა და განათლებაა. თუ მოსწავლე ტოლერანტობით არ გამოირჩევა, ჩვენ კი მივაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას ტოლერანტობის შესახებ, ის შეძლებს, რომ გააკეთოს ახალი აღმოჩენა და ცოდნაზე დაყრდნობით დაიწყოს ფიქრი.

– როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა მოსწავლის ახალ აღმოჩენებამდე მიყვანა, რა საფეხურების გავლა სჭირდება ამ პროცესს?

– სიამოვნებით. როდესაც მასწავლებელს დაგეგმილი აქვს, ბავშვები თემის ირგვლივ აიყოლიოს და ახალი აღმოჩენები გააკეთებინოს, აუცილებლია, შემდეგი ფაქტორები გავითვალისწინოთ:

მოსწავლეთა მზაობა და წინარე ცოდნა თემის ირგვლივ. უნდა ვიცოდეთ, რამდენად აქვს მოსწავლეს იმის საფუძველი, რომ ახალი აღმოჩენები გააკეთოს. თუ მოსწავლეს ბაზისური ცოდნა არ გააჩნია, ის ვერ შეძლებს უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას.

მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის ჩამოყალიბება. გაარკვიეთ, აქვს მოსწავლეს მზაობა ახალი აღმოჩენების გაკეთებისთვის? იქნებ მას სულაც არ სურს, კიდევ უფრო მეტი მოიძიოს, რადგან „ხასიათზე არ არის“, ან, უბრალოდ, თემა საინტერესოდ არ მიაჩნია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი პედაგოგის სწორი ჩართულობა და მიდგომების შემუშავება მოსწავლის შინაგანი მოტივაციის გაზრდისთვის.

დაგეგმილი აქტივობები უნდა იყოს საინტერესო, ადვილი და გასაგები. ის აქტივობები, რომელსაც მასწავლებელი არჩევს და რამაც მოსწავლე ახალ აღმოჩენებზე უნდა გაიყვანოს, პირველ რიგში, გასაგები უნდა იყოს მოსწავლისთვის და ზეპირი ინსტრუქციის გარდა, არ საჭიროებდეს დამატებით წერილობით ინსტრუქციას.

ინფორმაციის გადაცემის ხერხი შესაბამისობაში უნდა იყოს მოსწავლის ასაკობრივი განვითარების სისტემასთან. უნდა გავიაზროთ, როგორი მასალა უნდა შევარჩიოთ და ვის უნდა შევთავაზოთ. დაწყებითი კლასების მოსწავლეს ვერ შევთავაზებთ იმას, რასაც ვთავაზობთ ზედა საფეხურზე და პირიქით.

ნინო მასწავლებელმა EDU.ARIS.GE-ს მკითხველ კოლეგებს საგაკვეთილო გეგმიდან ის აქტივობაც გაუზიარა, რომლის გამოყენებაც ხელს უწყობს აღმოჩენებით სწავლებას.

„ყველაფერი უბრალო ქაღალდის შესახებ“

უჩვენეთ მოსწავლეებს მათთვის კარგად ნაცნობი ქაღალდი. ჯერ სთხოვეთ, მოგიყვნენ რა იციან მის შესახებ, რისთვის გამოიყენება, რატომ გამოიყენება, სად აღმოაჩინეს, როგორ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ გააცანით ქაღალდის შექმნის ძველი და თანამედროვე მეთოდები, წარმართეთ დისკუსია, ესაუბრეთ ქაღალდის არსებობის დადებით და უარყოფით მხარეებზე. აჩვენეთ პრაქტიკული მაგალითები და შემდეგ, როცა ჰკითხავთ: „მეტი გახარჯული ქაღალდი ხომ არ ნიშნავს მეტ მოჭრილ ხეს?“, მათ აუცილებლად ექნებათ პასუხი. ეს უკვე ნიშნავს, რომ მოსწავლემ ახალი აღმოჩენა გააკეთა, რადგან ის საბაზისო ცოდნა, რაც ქაღალდის შესახებ ჰქონდა, გაიუმჯობესა.

შემდეგ ეტაპზე ჰკითხეთ: „რა გზებით დავზოგოთ ქაღალდის მოხმარება და რით ჩავანაცვლოთ იგი?“ ამგვარად, ისინი კიდევ უფრო იუმჯობესებენ ცოდნას და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან კიდევ ახალი აღმოჩენისკენ. იდეებიც უამრავი უჩნდებათ. შემდეგ კი, თავად მუშაობენ ქაღალდის შექმნის კონცეფციაზე, ამასობაში უვითარდებათ „მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენის უნარი და საქმედ ქცევის“ კომპეტენცია, ის, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა მიზნად გვისახავს.

ასევე იხილეთ:

როგორ გავუმდიდროთ პირველკლასელს ლექსიკური მარაგი – მარტივი აქტივობები სახლსა და სკოლაში შესასრულებლად

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური