თუ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას გეგმავთ – 2 მთავარი შეცდომა და სწორი მომზადების გზები
სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისა და მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილის შეთავაზების მიზნით, მასწავლებლები ხშირად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, უფრო მეტიც, ცდილობენ დაგეგმონ საერთო, ინტეგრირებული გაკვეთილი.
„ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. ინტეგრირებული გაკვეთილი სასწავლო-საგაკვეთილო პროცესში სულ მცირე ორი დისციპლინის დაკავშირებას – ინტეგრაციას გულისხმოს. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ამ დისციპლინებს შორის კავშირი უნდა იყოს ორგანული და მათი შერწყმა უნდა გვაძლევდეს საშუალებას, დავგეგმოთ შესაბამისი აქტივობები.
„გასათვალისწინებელია, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს რამდენიმე დისციპლინის საერთო/მომიჯნავე თემის ირგვლივ გაერთიანებას, შესაბამისად, მის ჩასატარებლად საჭიროა რამდენიმე მასწავლებელი. მათი პროფესიული უნარ-ჩვევები, მაღალი კვალიფიკაცია და თანამშრომლობის უნარი ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარების წინაპირობაა. ინტეგრირებული გაკვეთილის პედაგოგიური ეფექტი საყურადღებოა მრავალი მიზეზის გამო. ასეთი გაკვეთილი იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს“, – ქეთევან ოსიაშვილი, 2017წ, ჟურნალი მასწავლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ საგნების ინტეგრაციის მეთოდის გამოყენება საქართველოში მასწავლებლებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, როგორც გაირკვა, სირთულეები მაინც იჩენს თავს.
EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი, გორის მე-8 და მე-11 საჯარო სკოლების ფიზიკის უფროსი მასწავლებელი ლიზა ყაზიშვილია, რომელიც თოთოეულ საორგანიზაციო ნაბიჯს გვიხსნის და გვესაუბრება, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილად ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი.
– თავდაპირველად რომ განგვიმარტოთ, რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი და რატომ ურჩევდით კოლეგებს მის გამოყენებას?
– ზოგადად, გეტყვით, რომ ინტეგრაცია ეს არის ცალკეული ელემენტების გაერთიანებისა და კოორდინირების პროცესი. შესაბამისად, პედაგოგებისთვისაც, ინტეგრირებული გაკვეთილი მოიაზრებს სასწავლო მეთოდს, როდესაც ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის გაერთიანება იგეგმება და ისინი გაკვეთილს გეგმავენ და ერთობლივად ატარებენ. ამ მეთოდს, მასწავლებლები წლების განმავლობაში აქტიურად ვიყენებთ. პირადად ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ასეთი კოლაბორაციული ტიპის გაკვეთილი ძალიან ეფექტურია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას, ეხმარება მათ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ტრანსფერში და დინამიურ, ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნის, რაც, მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მიზანიცაა.
– ურჩიეთ ჩვენს მკითხველ პედაგოგებს, რა უნდა გაითვალისწინონ, ვიდრე ინტეგრირებული გაკვეთილის ორგანიზებას შეუდგებიან?
სწორად შეარჩიონ გაკვეთილის თემა. ამისთვის პედაგოგებმა უნდა გადახედონ ერთმანეთის საგნის სტანდარტებს და შეარჩიონ ის თემა, რომელიც კოლაბორაციის შესაძლებლობას მისცემთ.
მოსწავლეებს ინფორმაცია წინასწარ მიაწოდონ. ორივე საგანში მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ გაკვეთილზე განსახილველი საკითხები.
გაკვეთილი მასწავლებლების თანაბარი მონაწილეობით უნდა დაგეგმონ. თუ მხოლოდ ერთი პედაგოგი აქტიურობს და მეორე უბრალოდ ასრულებს მის მითითებებს, ეს ვერ ჩაითვლება ინტეგრირებულ გაკვეთილად და შესაბამისად, შედეგიც არ იქნება სახარბიელო.
შერჩეული აქტივობები შემოქმედებითი და ინტეგრირებული უნდა იყოს. თუ აქტივობები არ იქნება ეფექტური, რაც არ უნდა საინტერესოდ გამოიყურებოდეს თემა, მოსწავლეებს ვერ დავაინტერესებთ.
არ გამოგრჩეთ მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები. პედაგოგებმა უნდა უზრუნველყონ თანაბარ შესაძლებლობებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის შექმნა. ამისთვის მათ უნდა იცოდნენ, ვის რა შესაძლებლობები, სურვილები და ინტერესები აქვს.
– არის თუ არა საჭირო, წინასწარ ჰქონდეთ გაკვეთილის გეგმა და რის ასახვაა მასში აუცილებელი?
– ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებლებს რამდენიმე ეტაპის გავლა გვიწევს, ერთ-ერთი სწორედ გაკვეთილის გეგმის შემუშავებაა. საჭიროების შემთხვევაში კი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმისაც. ამ ეტაპზე კოლეგები ერთად ვმუშაობთ და მხოლოდ დასრულებული, სრულყოფილი გეგმის შემუშავების შემდეგ ვადგენთ ჩატარების თარიღს. გაკვეთილის გეგმაში სტანდარტულად უნდა იყოს ასახული:
- გაკვეთილის თემა
- გაკვეთილის მიზანი
- მისაღწევი შედეგები
- მეთოდები
- აქტივობები
- რესურსები
- დრო
- შეფასების რუბრიკა.
– რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მასწავლებლებმა, როცა ინტეგრირებულ გაკვეთილს ატარებენ, როგორია თქვენი გამოცდილება?
– ორ მთავარ შეცდომაზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთი, ეს არის არათანაბრად გადანაწილებული აქტივობები. ხშირ შემთხვევაში, გაკვეთილის ჩატარების ინიციატორი ერთ-ერთი მასწავლებელია ხოლმე. ინიციატორმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ კოლეგას მოტივაცია გაუჩინოს და აქტივობები თანაბრად გაინაწილონ. არათანაბრად განაწილების შემთხვევაში, მოსწავლეებში ჩნდება განცდა, თითქოს, ის საგანი, რომელშიც ნაკლები აქტივობა იყო დაგეგმილი მეორეხარისხოვანია და ამით, შესაძლოა, იმ საგნის სწავლების პროცესი დავაზარალოთ კიდეც.
მეორეა დროის მენეჯმენტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები ბევრად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე სტანდარტულ გაკვეთილზე, რადგან ერთ საგანში პასიური მოსწავლე, შესაძლოა, მეორე საგანში ყველაზე აქტიური იყოს. შესაბამისად, დროის დაგეგმვისას ეს უნდა გავითვალისწინოთ და აქტივობების რაოდენობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული გაკვეთილი ორ გაკვეთილადაც კი ჩავატაროთ.
– ქალბატონო ლიზა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილად ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი?
– ინტეგრირებულ გაკვეთილზე ეფექტურად უნდა ხდებოდეს საგნებს შორის ცოდნათა დაკავშირება. გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მოსწავლეს ახალი ცოდნების შეძენისკენ უნდა ჰქონდეს ბიძგი. ეს ნიშნავს, რომ გაკვეთილი წარმატებით დაიგეგმა და ჩატარდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. პედაგოგებს სრულყოფილად უნდა ჰქონდეთ ათვისებული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.
მასწავლებლებთან ერთად, ინტეგრირებული გაკვეთილით მოსწავლეებიც კმაყოფილი უნდა იყვნენ. თუ ეს ასეა, და მხოლოდ თვითკმაყოფილებასთან არ გვაქვს საქმე, გაკვეთილის შედეგი მიღწეულია;
გეგმასთან ერთად, გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, პედაგოგებმა საერთო ანგარიშიც უნდა მოამზადონ. თუ პედაგოგებს ექნებათ ანგარიში ეს უკვე კარგია. თუმცა, მთავარია, რა წერია ამ ანგარიშში და რამდენად უბიძგებს ის პედაგოგებს, რომ მომდევნო ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი კიდევ უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე წინა.
ასევე იხილეთ:
ეფექტური თვითრეფლექსია, სწავლა-სწავლების გაუმჯობესების უმოკლესი გზაა – რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება