GE

რომელ საგნებში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რომელი ფაკულტეტები იყო წელს პოპულარული

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ უკვე ცნობილია. გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი ფიზიკასა და გეოგრაფიაში ჩაიჭრა, აბიტურიენტების პრიორიტეტებში კი, გასული წლების მსგავსად, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიულ და სამედიცინო ფაკულტეტები ლიდერობენ – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეჯამებისას ისაუბრა.

“აბიტურიენტებს უფრო მეტად გაუჭირდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან ფიზიკა, ასევე გეოგრაფია. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკასა და გეოგრაფიაში, ამ ორ არასავალდებულო საგანში არის ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი. დანარჩენ საგნებში მეტნაკლებად, სადღაც 6%-დან იწყება ჩაჭრები და ადის ეს 30-40%-მდე”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით,აბიტურიენტებს შორის პოპულარული მიმართულებები კვლავ სამედიცინო, იურიდიული და ბიზნესის ადმინისტრირებაა.

“ჩვენ შეგვიძლია გითხრათ ყველაზე მეტი პროგრამა, როგორც პირველი არჩევანი ვინ ჩაწერა. თუ მაგალითად უნივერსიტეტს 1000 ადგილი მაქვს გამოცხადებული, შეიძლება ამის გამო პირველ პრიორიტეტში ბევრმა ჩაწერა, მაგრამ შეიძლება 50 ადგილი მაქვს გამოცხადებული და ჩაწერა 500-მა, ან ეს დიდად არ მიუთითებს, რომ მიმართულება პოპულარულია, მაგრამ ამის მიხედვით შეგვიძლია გითხრათ პირველი არჩევანი ვისაც ჰქონდა გაკეთებული. ძირითადად ეს იყო სოციალური მეცნიერებები, როგორც წინა წლებში იურისპრუდენცია, დიპლომირებული მედიკოსი, ბიზნეს ადმინისტრირება. ასევე ძალიან პოპულარულია უფასო ფაკულტეტები, მათ შორის ეკონომიკა”, – ამბობს სოფიო გორგოძე.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

მეორადი ჩარიცხვები არ იქნება – 500-მდე ზღვარგადალახული აბიტურიენტი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩა

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური