GE

სამცხე-ჯავახეთში 65 სკოლის დირექტორი გაათავსიუფლეს

მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, დირექტორად ყოფნის ექვსწლიანი ვადა 65 პირს ამოეწურა, განათლების სამინისტრომ 54 მათგანს ხელშეკრულება კონკურსის გამოცხადებამდე გაუგრძელა, 11–ს კი აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის უფლება აღარ მისცა.

ვაკანტურ პოზიციებზე მონაცემების მოწოდებაზე რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთმა, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა თქვა უარი. დავით ზედგინიძემ განაცხადა, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ პასუხს მხოლოდ წერილობით გასცემს.

რაც შეეხება დანარჩენებს:

ახალციხეში მდებარე 39 საჯარო სკოლიდან ექვსწლიანი მუშაობის პერიოდი შვიდ დირექტორს ამოეწურა, მათგან სამს სამინისტრომ მუშაობის გაგრძელებაზე უარი უთხრა. ამის გამო, ახალციხის N6, სვირის და ტყემლანის საჯარო სკოლების დირექტორების მოვალეობებს მათი მოადგილეები ასრულებენ.

„არ ვიცი რა მიზეზით არ გამიგრძელეს ხელშეკრულება, თუმცა მე მაქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება და აუცილებლად მივიღებ კიდეც“, – ამბობს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი გია კაპანაძე.

რაც შეეხება ახალქალაქს, მუნიციპალიტეტში არსებული 65 სკოლიდან, ვადა 39 დირექტორს ამოეწურა, მათგან მუშაობის გაგრძელებაზე რვას სამინისტრომ უარი უთხრა.

ბორჯომში მდებარე 20 საჯარო სკოლიდან ხელშეკრულების ვადა ექვს დირექტორს ამოეწურა. ექვსივე ამ ეტაპზე მოვალეობის შემსრულებელია.

ადიგენში არსებული საჯარო სკოლებიდან ხელშეკრულების ვადა ცხრა დირექტორს გაუვიდა, მათგან ოთხი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, ხოლო დანარჩენი პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.

ასპინძაში ექვსწლიანი ხელშეკრულება ოთხი სკოლის დირექტორს ამოეწურა, ესენია: იდუმალა, რუსთავი, დამალა და დაბა ასპინძა. ოთხივე მათგანი კონკურსის გამოცხადებამდე მოვალეობას ასრულებს.

როდის გამოაცხადებს კონკურსს სამინისტრო 65 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, უწყებაში არ ამბობენ. ცნობილია ის, რომ ყველა მათგანს მუშაობის ექვსწლიანი ვადა სექტემბრიდან ამოეწურათ.

„2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ ხელშეკრულების ექვსწლიანი ვადა სკოლის დირექტორებს. ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილია და სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არცერთი დირექტორის გათავისუფლება… ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე მათ ფუნქციებს ასრულებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი“, – განმარტეს სამინისტროში.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური