GE

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის გადასახადის განახევრებას ითხოვენ

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ფასიან ფაკულტეტებზე სწავლობენ, თანხის განახევრებას ითხოვენ. მათი თქმით, პანდემიის გამო, ოჯახის წევრებმა სამსახურები დაკარგეს და სწავლის გადასახადს ვეღარ იხდიან.

„ოჯახში ოთხნი ვართ, მხოლოდ მე და დედა ვმუშაობთ დაბალ ხელფასზე, რაც ოჯახის გამოსაკვებადაც კი არ გვყოფნის. იმისათვის რომ სწავლის საფასური დავფარო ჩემთვის აუცილებელია უარი ვთქვა ბევრ რამეზე. ჩემი ოჯახის სხვა წევრებმა სამსახურები პანდემიის გამო დაკარგეს. სწავლის საფასურის განახევრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება ყველა იმ ოჯახისთვის სადაც არის სტუდენტი, განათლება უნდა იყოს ყველაზე დიდი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს პირდაპირ უკავშირდება ეს მოთხოვნა, რადგან შემცირდა სამსახურები, გაიზარდა ფასები და ხარჯები, რამაც ბევრი ოჯახი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ლომსაძე.

იგივე მოთხოვნა აქვს, ამავე უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს, ლევან სამსონიძეს.

„ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ სწავლის გადასახადი განახევრდეს, იმიტომ, რომ მართლა ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში და შეღავათით ჩვენც უნდა ვისარგებლოთ, სტუდენტები თანხის გადაუხდელობის გამო, არ უნდა ტოვებდნენ ფაკულტეტს, ან წერდნენ აკადემიურებს“, – ამბობს იგი.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მოთხოვნებს უნივერსიტეტის რექტორს, მაკა ბერიძეს ხვალ, ოთხ დეკემბერს გააცნობენ.

მაკა ბერიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ იგი მზადაა შეხვდეს სტუდენტებს და მათი მოთხოვნები მოისმინოს, გამოსავალს კი ერთად მსჯელობით მოძებნიან.

„მოვუსმენ და მათთან ერთად მოვძებნი ყველაზე უფრო რეალურ გზას ისე, რომ არც კანონი დავარღვიოთ და ამავე დროს მაქსიმალურად გავითვალისწინო სტუდენტების მდგომარეობა. შესაძლებელია ვისაუბროთ ყველაფერზე, მათ შორის მათთვის მოსახერხებელ გადახდის მოქნილ გრაფიკზე, შეიძლება ვისაუბროთ წლების განმავლობაში გადასახადის გადავადებებზე და ა.შ.“, – აცხადებს ბერიძე

„სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფასიან ფაკულტეტებზე 252 სტუდენტი სწავლობს. მათი წლიური გადასახადი 2250 ლარს შეადგენს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური