საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგნის “მე და საზოგადოება” ფართო განხილვას მოითხოვს
საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგნის “მე და საზოგადოება” ფართო განხილვას მოითხოვს. როგორც ცენტრში აცხადებენ, აუცილებელია ამ განხილვაში ჩაერთონ მშობლები, ფსიქოლოგები, მეცნიერები, საზოგადოების ფართო მასები.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოები, რომელიც შეიცავს ისეთ სწავლებას, რომელიც ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული. დეკანოზმა ანდრიამ და დეკანოზმა ბიძინამ მედიას საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადებაც გააცნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო პერიოდში, განათლების სამინისტროს ინიციატივით შემოტანილმა საგანმა გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. იმისთვის, რომ დაზუსტდეს საპატრიარქოს სასწავლო ცენტრის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ უფრო მეტად მოხერხდეს საზოგადოების ჩართვა ამ საგნის განხილვაში საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი აკეთებს განცხადებას.
საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ საგნის “მე და საზოგადოება” განხილვაში. საგნის სტანდარტში აისახა ჩვენი კომიტეტის ზოგიერთი რეკომენდაცია, თუმცა მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ გაცილებით სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომელთა გაცნობაც საზოგადოებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია. სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულია საგნის სტანდარტიდან 12-გვერდიანი ამონარიდი, რომელიც უწყინარი სახისაა, სტანდარტის სრული სამუშაო დოკუმენტი, რომელსაც განვიხილავდით, 80-გვერდიანი მასალა იყო და ის ფართო მკითხველისთვის ახლა უკვე მიუწვდომელია. ვრცელი ვარიანტი შეიცავს დაუზუსტებელ და არაერთმნიშვნელოვან ტერმინოლოგიას და ცნებებს რაც მრავალ კითხვას ბადებს. აღმოჩნდა ისიც, რომ უკვე მომზადებულია ამ საგნის სახელმძღვანელოებიც ანუ შემუშავებულია ის მოთხოვნები რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ ეს პედაგოგები. თავად სტანდარტზე მუშაობა მართალია გრძელდება მაგრამ პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოები უკვე დასრულებულია და სწორედ ეს წიგნებია უფრო დიდი საშიშროების შემცველი. მათში გაცხადებულია სინამდვილეში რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საგანი “მე და საზოგადოება”.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საგანი მიმართულია ოჯახისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებისადმი მოთხოვნა, რომ მან ისაუბროს სახლში მომხდარი კონფლიქტის შესახებ, თანაკლასელებმა კი მისი მონათხრობი გაითამაშონ და ეს ყველაფერი საერთო მსჯელობის საგნად აქციონ, ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. შეიძლება თუ არა მოსწავლეს ავალებდნენ, რომ ოჯახის კონფლიქტთან ან ოჯახის რაიმე სხვა ნაკლოვანებასთან დაკავშირებით თავისი ფანტაზიითაც მოიგონოს ამბები. რათა შემდგომ მისი კლასში ინსცენირება მოახდინონ. ეს ხომ მშობლებისადმი პატივისცემას დააკარგვინებს მოზარდს და საერთოდაც უარყოფითად განაწყობს უფროსების მიმართ.
პედაგოგთა გადამზადების წიგნებში გამოკვეთილია გენდერის თეორიის გავლენა, რომელიც ოჯახურ ტრადიციას, მშობლების და საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს ბავშვებზე ერთგვარი ძალადობის ინსტრუმენტად მიიჩნევს, რაც თავისუფალი საზოგადოების განვითარების დამაბრკოლებლად წარმოჩნდება ამ თეორიის გამზიარებლები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სტერეოტიპების ანუ ოჯახში და საზოგადოებაში არსებული ტრადიციული შეხედულებების დანგრევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. ხოლო თუ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი, განმარტებულია პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოებში. ამავე სახელმძღვანელობში განმარტებულია მათ შორის უსაფრთხო სექსი.
სტანდარტში ნახსენები ყოველგვარი განსხვავებულობის მიმღებლობის უნარი, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს, პედაგოგთა წიგნებში უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმღეობას გულისხმობს, რისი დანერგვაც შესაბამისი სავარჯიშოებითა და აქტივობებით არის გამყარებული. განსხვავებულობის მიმღეობის უნარი არ შემოიფარგლება იმით, რომ ბავშვი არ იყოს აგრესიული სხვა ადამიანის მიმართ, არამედ გულისხმობს იმას რომ მან ნორმად, ნორმალურ მდგომარეობად მიიღოს ე.წ. სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესი.
პედაგოგთა სახელმძღვანელოს მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს ბავშვს ჩაუნერგოს, რომ ქორწინებამდე კავშირიც და ერთსქესიანთა კავშირი ნორმალურ ოჯახს წარმოადგენს. თუ საგნის სტანდარტში ბავშვი ვალდებულია ითამაშოს ოჯახის წევრებისა და მეზობლების როლები, პედაგოგთა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მათ ლესბოლის და მეძავის როლებიც უნდა შეასრულონ და როლური თამაში მოსწავლის შეფასების შკალაში შედის.
სათქმელი სხვაც ბევრია, აქ მხოლოდ ძირითად პრობლემებს შევეხეთ. ესეც საკმარისია იმის წარმოსაჩენად თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე. დღეს არსებული სახით ეს არის საგანი, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ პრინციპებს, ასევე ზოგად ადამიანურ პრინციპებს. თუმცა, მივიჩნევთ, რომ შეფასებები მხოლოდ ჩვენგან არ უნდა გაკეთდეს. აღნიშნული საგნის სტანდარტის და პედაგოგთა სახელმძღვანელოს განხილვაში აუცილებელია ჩაერთონ მშობლები, მეცნიერები, ფსიქოლოგები და საერთოდ, საქართველოს საზოგადოების ფართო ფენა. ამ განცხადების მიზანიც ეს არის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი განხილვა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული სახელმძღვანელოები შესაძლებელია საპატრიარქოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდეს.