საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „წიგნების თარო” ონლაინ სკოლას ქმნის
საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და კომპანია „წიგნების თაროსთან“ პარტნიორობას იწყებს. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა, ამიტომ პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნა არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა, რომელიც იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს შესთავაზებს.
ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის – ასეთია “წიგნების თაროს” ონლაინ სკოლის სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან.
სკოლაში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული და გასართობი იქნება. ბავშვები თამაშების და სხვადასხვა მულტიმედიური საშუალების დახმარებით ისწავლიან როგორც სასკოლო, ისე არასასკოლო საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვის კომპლექსური განათლებისთვის: ქართული ენა, ინგლისური და გერმანული ენები, განმავითარებელი მათემატიკა, ადამიანი და ჯანმრთელობა, ბუნება, მითოლოგია, საქართველოს ისტორია, მე და საზოგადოება, ხატვა, მუსიკა, ხელოვნების ისტორია და მსოფლიო ლიტერატურა.
სკოლა ფუნქციონირებას 21 აპრილიდან დაიწყებს. გაკვეთილები 15:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება. ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 30 წუთი. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა საგნების სპეციფიკის გათვალისწინებით განისაზღვრება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე, 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის გაფრთხილებით და ერთმანეთზე ზრუნვით ამ ურთულეს გამოწვევასაც ღირსეულად დავძლევთ და ერთად შევქმნით მომავალს.
„საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისათვის რომ COVID 19-თან ბრძოლის პირობებში კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე, შეიქმნა ახალი, უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინ სკოლა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კომპლექსური განათლების მიღებაში. ახლა, ამ პირობებში, მნიშვნელოვანია რომ არ გავჩერდეთ და გვახსოვდეს, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 36.3%), სესხებისა (საბაზრო წილი 34.9%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 36.3%) მიხედვით (2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს 267 სერვისცენტრის, 933 ბანკომატისა და 3,217 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge, http://www.bog.ge/
(R)
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია