GE

საქართველოში ბავშვთა უფლებების მიმართულებით ევროკავშირისა და გაეროს ახალი პროექტის განხორციელებისთვის 2 მილიონი ევრო დაიხარჯება

ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებენ სამწლიან პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ბავშვების ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების შესახებ საქართველოში, მათი უფლებების დაცვა და რეალიზაცია. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებისათვის დაცული და მზრუნველი ოჯახური გარემოს უზრუნველყოფასა და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ეხება საქართველოში ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესების საკითხებს.

პროექტის მიზანია დაეხმაროს მთავრობას ახლახან მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების დეცენტრალიზაციაში, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტს განახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტია 2 მილიონი ევრო.

„უკვე მრავალი წელია ევროკავშირი მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დაცვას საქართველში. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილია ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ახლახან შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან საქართველოს ინსტიტუტების მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც უკეთესი სერვისებით უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებს” – განაცხადა, სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.

„ევროკავშირის მადლიერი ვართ, საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებაში განუხრელი მხარდაჭერისათვის,ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, წარმოადგენს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ბაზას, რომელსაც ბავშვთა დაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ხელს შეუწყობს კოდექსის მთავარი პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას, ბავშვების მზრუნველ ოჯახურ გარემოში ცხოვრებას და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე წვდომას“ – აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.

კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები შეუქმნა ბავშვებს და ოჯახებს. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უმუშევრობა კიდევ უფრო ზრდის ოჯახებისა და ბავშვების დაუცველობას. აღნიშნული პროექტი მხარს დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც.

ამას გარდა, პროექტი გააძლიერებს კანონმდებლობასა და პოლიტიკას, სპეციალური დაწესებულებების დახურვის ან რესტრუქტურიზაციის და ამ დაწესებულებებში განთავსებული ბავშვების ოჯახურ გარემოში გადაყვანის მიზნით. პროექტი ასევე გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე, ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით.

მის ფარგლებში შემუშავდება საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების მიზნით, მოხდება პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.
მართლმსაჯულების დარგში, პროექტის შედეგად დამატებით სპეციალიზაციას შეიძენენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს პროფესიონალები (პოლიციელები, პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები), დაზარალებულ/დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის შესაბამისად, და ბავშვების ოჯახებიდან განცალკევების საქმეებზე მომუშავე პირები. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაძლიერდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი და ბავშვების სარეაბილიტაციო სერვისები, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაცია

2005 წლიდან, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა დონორებისა და სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმას. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვების რაოდენობა დიდ სახელმწიფო დაწესებულებებში 2005 წელს არსებული 4100-იდან, 2020 წელს — 77-მდე. 900-ზე მეტი ბავშვი რჩება არასახელმწიფო დაწესებულებებში. ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახებში, ბავშვთა დაწესებულებებში, მინდობით აღზრდაში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება; ბავშვების 69 პროცენტის მიმართ იყენებენ დასჯის ძალადობრივ მეთოდებს, ბევრი თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენება მისაღებია და რომ დასჯის ფიზიკური მეთოდები უფრო ეფექტიანია, ვიდრე აღზრდის/მშობლობის არაძალადობრივი მეთოდები.

2009 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. რეფორმამ ხელშესახები შედეგები გამოიღო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის. 2010 წელს განრიდების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამამ დახმარება გაუწია 4 000-ზე მეტ ბავშვს და ახალგაზრდას. ამის მიუხედავად, საჭიროა მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა განრიდებული არასრულწლოვნებისათვის და კოორდინაციის გაძლიერება სხვადასხვა სპეციალისტებს შორის.

წყარო: tv იმედი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური