სასწავლო წელი არ დაიწყება, ვიდრე 15 სექტემბრამდე არ შემოწმდება ყველა საჯარო და კერძო სკოლა – მინისტრის მოადგილე
მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ 15 სექტემბრამდე ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება ინსპექტირება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.
მისი განცხადებით, მხოლოდ მათი დასკვნისა და რეკომენდაციების მიხედვით გადაწყდება სასწავლო პროცესის დაწყება თითოეული სკოლისთვის.
„სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, რომ 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას და მხოლოდ ამ რეკომენდაციების და დასკვნის შემდეგ მოხდება კონკრეტულ სკოლაში სწავლის პროცესის დაწყება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება და 10 სექტემბრამდე ყველა სკოლა საჭირო ინვენტარით სრულად აღიჭურვება.
„დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება და სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს. არსებული რეკომენდაციების ფარგლებში განსაზღვრულია ყველა საჭიროებით სკოლების აღჭურვა, რომლის შესყიდვაც უკვე დასრულებულია სახელმწიფოს მიერ და მიმდინარეობს სკოლების უზრუნველყოფა. 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი სითხეებით ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
როგორც უკვე ცნობილია, სკოლებს აქვთ რეკომენდაცია განათლების სამინისტროსგან, რომ ინდივიდუალურად განსაზღვრონ სწავლის დაწყების დრო და საგაკვეთილო ცხრილი. ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით განათლების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაცია, სკოლების ინდივიდუალური საჭიროების და მოსწავლეთა განსხვავებული რაოდენობების გამო შემუშავდა.
„იმის გამო, რომ ყველა სკოლას აქვს თავისი ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მოსწავლეების რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება იმისთვის, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის I-IV კლასებისთვის გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის დროს გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ, ასევე სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს სკოლა და ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ცვლების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრო იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც დამზადდება ვიდეორგოლები, მოხდება მშობლებთან შეხვედრები, რომ სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა ადამიანმა შეძლოს რეკომენდაციების დაცვა და გათვალისწინება.
ასევე იხილეთ:
რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს!
რა შემთხვევაში შეუძლია მასწავლებელს გაკვეთილზე პირბადის მოხსნა
რა წესების დაცვა მოეთხოვებათ პანდემიის პირობებში მოსწავლეებსა და მშობლებს – რეკომენდაციები
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება