GE

რა შემთხვევაში შეუძლია მასწავლებელს გაკვეთილზე პირბადის მოხსნა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად განსაზღვრულია, რომ სკოლებში მოსწავლეების გარდა, ნებისმიერი პირს ვალდებულია ეკეთოს პირბადე.

პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ გაკვეთილის ჩატარება პირბადის საშუალებით არ იქნება მოხერხებული, რადგან მათ მასალის ახსნის დროს და ბევრი საუბარი უწევთ. ასევე მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული პირებისთვის პირბადით ყოფნა საფრთხის შემცველი იქნება.

„მესმის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელია მთელი გაკვეთილი ნიღაბი გვეკეთოს, მაგრამ რეალობაში რომ წარმოიდგენ ძალიან რთულია, თავად მთავრობის წევრებს და ჟურნალისტებს უჭირთ 3-4 წუთი პირბადით საუბარი და იხსნიან ხოლმე და ჩვენ 30 წუთიანი გაკვეთილი ასე როგორ უნდა ვისაუბროთ?“

„პრაქტიკაში წარმოუდგენელია 45 წუთი იქნება თუ ნახევარი საათი პირბადით იყო და მასალა ახსნა, არ ვიცი რა როგორ იქნება ან შევეჩვევით, ან, ალბათ, შეცვლიან წესებს. ასევე წარმოიდგინეთ ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვს, ასე დახუთული შეძლებს მუშაობას?“, – ამბობენ პედაგოგები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სპეციალურ დოკუმენტში (#37 დანართი) არის წინადადება, სადაც გარკვევით წერია, რომ გაკვეთილზე მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეებთან 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

„საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა“,– ვკითხულობთ დოკუმენტში.

სხვა შემთხვევაში სკოლაში მომუშავე ნებისმიერი პირი ვალდებულია ატაროს ნიღაბი იქნება ეს სამასწავლებლო, დერეფანი თუ სხვა საერთო სარგებლობის სივრცე.

„სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში“, – ნათქვამია რეკომენდაციაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია წესებზე, რაც მასწავლებელმა ერთი საკლასო ოთახიდან, მეორეში გადასვლის დროს უნდა შეასრულოს, ასევე სასწავლო რესურსების და თვალსაჩინოებების გამოყენების შესახებ.

„გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა… სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური