GE

რა წესების დაცვა მოეთხოვებათ პანდემიის პირობებში მოსწავლეებსა და მშობლებს – რეკომენდაციები

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით საჯარო სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად უკვე არსებობს კონკრეტული წესები, რომლებიც პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის დროს, მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა დაიცვან.

ვალდებულებები მოსწავლეებისთვის:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი; o
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტში ასევე საუბარია მოსწავლეების მიერ სასმელი წყლის გამოყენების რეკომენდაციებზე.

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა: თითოეულ მოსწავლეს მიეცით საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია;

უზრუნველყავით დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან;

წყლის ბოთლი გარეცხეთ დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.

რაც შეეხება მშობლების ვალდებულებებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი გადაწყევტენ რომ  შეუძლოდ ყოფნის გამო ბავშვი  არ გაუშვან სკოლაში, ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდონ დამრიგებელს.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
  • ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.

რეკომენდაციის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

როგორ უნდა მოიქცეს დირექცია თუ მოსწავლეს სკოლაში ტემპერატურა დაუფიქსირდება?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური