GE

შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა და მისი განვითარება

შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობის შესახებ, დღეს, განათლების სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი თანხმდება. შემოქმედებითობა არა მხოლოდ თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები მრავალფეროვნად აღიქვას, არამედ ახალი იდეებისკენ სწრაფვის, აღმოჩენების გაკეთების, უწყვეტი გამოცდილებების შეძენის საწინდარია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სამყაროს განვითარების გარანტიაა.

შემოქმედებითობა საკმაოდ ფართო ცნებაა, ამიტომ კონკრეტულ ასპექტებთან მისი დაკავშირება კამათის და განსჯის საგანია. შემოქმედებითობა ინტელექტის ერთ-ერთ ასპექტადაც განიხილება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ინტელექტის სახეების მრავალფეროვნებას, ეს რთული დასადგენი გახდება (მოგეხსენებათ, ჰოვარდ გარდნერის „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია” რამდენიმე ტიპის ინტელექტს გამოყოფს: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, სივრცითი, მუსიკალური, კინესთეტიკური, ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური). როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღწერილი, კრეატიულობაზე მრავალი ფაქტორი, მათ შორის გარემო პირობები, ახდენს ზეგავლენას. ავტონომიურობის მაღალი ხარისხი პიროვნებას საშუალებას აძლევს, გამოავლინოს შემოქმედებითობა, რასაც ვერ ვიტყვით ავტორიტარულ გარემოზე. ზოგჯერ შემოქმედებითობას ისეთ „გადახრილ” აზროვნებადაც ახასიათებენ, რომელიც განსხვავდება ტრადიციული, საყოველთაო აზროვნებისაგან. საკლასო ოთახში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოდერატორს – მასწავლებელს, რომელმაც, საკუთარი უნარებისა და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ მოსწავლის აზროვნება მაქსიმალურად შემოქმედებითი გახდეს.

ეს სტატია, პირველ რიგში, სწორედ მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მშობლებისათვისაც საინტერესო იქნება იმის შეტყობა, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი მოზარდს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა სტრატეგიებს მივმართავთ ყოველდღიურად.

ამ მიზნით მიმოვიხილავთ შემოქმედებითობის ცნებას, მის მნიშვნელობას და განვითარების შესაძლებლობებს. დასასრულს რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ.

შემოქმედებითობის ცნება ყურადღების ცენტრში მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მიწურულს მოექცა. 90-იანი წლების მიდგომა შემოქმედობითობის მიმართ განსხვავდება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მიდგომისაგან. ის შემოქმედებითობას იკვლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ მოიაზრებს მას, როგორც ერთეულთა ხვედრს. მისი ამოსავალი წერტილი არ არის „პროდუქტი” , კონკრეტული გამოგონება. ის აქცენტს აკეთებს პროცესზე, განვითარებაზე.

კრეატიულობის თეორიების განხილვისას ასხვავებენ კრეატიულობის მასშტაბს – ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილს და გენიოსებისთვის დამახასიათებელს. მეცნიერების აზრით, მხოლოდ ექსტრაორდინალურ ადამიანებზე აქცენტის გაკეთებამ შესაძლებელია ყოველდღიური კრეატიული გამოცდილება უგულებელყოს.

აღნიშნული თეორიები სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას. ძირითადი ფოკუსები ასე გამოიყურება: პროცესი, პროდუქტი, პიროვნება და ადგილი. შემოქმედებითობის შესახებ რამდენიმე მეცნიერული მოსაზრებაც შეიძლება გავიხსენოთ, რომელთა ჭეშმარიტების თაობაზე დავა შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს:
– შემოქმედებითობა ვითარდება დროთა განმავლობაში, პიროვნებისა და გარემოს კავშირში. ამ თეორიაში შემოქმედებითობის ძირითადი განმავითარებელია ოჯახისა და გარემოს სტრუქტურა; დიდია თამაშის როლი, ეფექტს მრავალი ფაქტორი განაპირობებს.

– შემოქმედებითობა შესაძლებელია გაიზომოს, განისაზღვროს მისი სანდოობა და ქმედითობა. შესაძლებელია გამოირჩეს სპეციფიკური შემოქმედებითობა. აქ მთავარი ფოკუსი პროდუქტია.

– შემოქმედებითობას განსაზღვრავს „ბაზრის მოთხოვნა”, მასზე გავლენას ახდენს მაკრო ფაქტორები. აქ რამდენიმე ფოკუსია: პიროვნება, პროდუქტი, ადგილი, დამაჯერებლობა.

– შემოქმედებითობის გამოხატვა გადის რამდენიმე აუცილებელ ფაზას. მას შესაძლებელია ჰქონდეს წრფივი და რეკურსიული ელემენტები. აქ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება პროცესს.

– შემოქმედებითობა, უპირატესად, კოგნიტური პროცესია. იდეის ფორმირება ფუნდამენტურია. აქ მთავარი კონცეპტებია: ასოციაციები, მეტაფორა, კონცეპტუალური კომბინაციები, მეტაკოგნიტური პროცესები, სწორხაზოვანი/გადახრილი აზროვნება. მთავარ ფოკუსს პიროვნება და პროცესი წარმოადგენს.

– შემოქმედებითი გზით პრობლემის ძიება და გადაჭრა რაციონალური პროცესია, რომელიც შესაძლებელია ეფუძნებოდეს ექსპერტულ ცოდნას და გამოცდილებას. შემოქმედებითი ადამიანები აქტიურად ერთვებიან პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში. აქ მთავარი ფოკუსი პიროვნებაზე, პროცესსა და პროდუქტზე კეთდება.

– შემოქმედებითობა კომპლექსური სისტემების და მათი ინტერაქციის შედეგია. აქ მთავარი კონცეპტებია: კოლაბორაციული შემოქმედებითობა, სისტემების კავშირი, კომპლექსურობა, სადაც ფოკუსი კეთდება პიროვნებაზე, პროცესზე, პროდუქტზე, ადგილზე.

საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას მნიშვნელოვანია, პედაგოგმა გაიაზროს, თუ რა ფაზებს გადის მოსწავლის ცნობიერება შემეცნების პროცესში. მან უნდა იცოდეს, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ სწავლის პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო და ეფექტური.

განათლების ფსიქოლოგები და თეორეტიკოსები აღნიშნავენ სწავლების პროცესში მოსწავლის წარმოსახვის ჩართვის აუცილებლობას. „წარმოსახვის გააქტიურება სწავლის პროცესის ლამაზად შეფუთული დანამატი არ არის. ის სწავლების არსია. სწორედ ის აძლევს აზრს იმ შინაარსს, რომელიც გადაცემაც გვსურს” ( კირან იგანი).

შემოქმედებითობის განვითარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემოციის გამოწვევას, რაც სხვადასხვა ინსტრუმენტით მიიღწევა.

მასწავლებლებს სურთ, განუვითარონ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება, თუმცა ხშირად არ არიან დარწმუნებული იმაში, სწორ სტრატეგიას მიმართავენ თუ არა. ამიტომ რამდენიმე ინსტრუმენტს ჩამოვთვლით. ფსიქოლოგების* ნაწილი ძირითად შემეცნებით ინსტრუმენტებად ასახელებს: ამბავს, მეტაფორას, ბინარულ დაპირისპირებებს, რითმას და რიტმს, ხუმრობებს და იუმორს, გონებრივ გამოსახულებებს, ჭორს და თამაშს, საიდუმლოს, წიგნიერების ჩანასახოვან ინსტრუმენტებს.

ამბავი აღძრავს ემოციას. სწავლების პროცესში ამბის მოყოლის ღირებულება მოსწავლეთა ემოციების და წარმოსახვის მობილიზებაა. ამბის გადმოცემა არა მხოლოდ მისი ფაქტობრივი ნაწილის მოყოლას, არამედ ფაქტების, მოვლენების დალაგებას, ერთმანეთთან დაკავშირებას, სინთეზს და ანალიზს მოითხოვს.

მეტაფორების გამოყენება ერთი საკითხის მეორის მეშვეობით დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ეს აზროვნებას აფართოებს. მეტაფორების გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მეტაფორული აზროვნებისა და ცნებების დაკავშირების უნარის განვითარებას.

ხუმრობა, იუმორი ერთ – ერთი ეფექტური ინსტრუმენტია მოსწავლეთა დადებითი ემოციების გამოსაწვევად. ისინი შეიძლება წახალისდნენ კიდეც და თავადაც მოიგონონ კონკრეტულ თემაზე სახალისო, შემეცნებითი ხუმრობები. სასურველია ომონიმების გამოყენებაც, რაც ხელს უწყობს სხარტი აზროვნების განვითარებას (მაგ; ბარი, დარი, კარი და სხვ.). ხუმრობა არა მხოლოდ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართვის საშუალებაა, ის აძლიერებს მათი წარმოსახვის უნარსაც.

გონებრივი გამოსახულებები მოსწავლეს ეხმარება, ნაცნობი სიტყვებით შექმნას გონებაში სახეები და დაუკავშიროს ჯერ კიდევ უცნობ მოვლენებს. წარმოსახვითი სახეები მისთვის ნაცნობი და სანდო ხდება. შესაბამისად, მოსწავლე უკეთ აღიქვამს და ამუშავებს ახალ ცნებებს.

ჭორი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღიარებულია ადამიანთა სოციალური სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ. საგაკვეთილო პროცესში მთავარია, ისეთი ჭორი და ამბავი მოყვეთ, რომელიც მოსწავლეებს საკითხის, თემის უკეთ წარმოსახვასა და აღქმაში დაეხმარება.

თამაშის მნიშვნელობა აღწერილი და კვლევებით დადასტურებულია. უნდა აღინიშნოს მისი მნიშვნელობა შემეცნებითი ინსტრუმენტების თვალსაზრისით. ვიგოტსკი თავის თეორიაში აღნიშნავს, რომ თამაში ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს (აზროვნების, მეხსიერების, თანაგრძნობის და სხვ.). თამაშის ტიპი უნდა განსხვავდებოდეს შესასწავლი საკითხის მიხედვით (სამაგიდო შეჯიბრი, გამოგონება, კვლევა, რამეს აწყობა თუ სხვა).

საიდუმლოს ფენომენი აღვივებს განცდას, რომ სამყარო მხოლოდ ის არ არის, რასაც ვხედავთ. არის ბევრი ბუნდოვანი საკითხი, რომლებიც შესაძლოა, არ ვიცოდეთ. საიდუმლოს შემცველი აქტივობების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება აღვივებს ცნობისმოყვარეობას, გონებას მიმართავს ამოუცნობისკენ, უცნაურისკენ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც მოსწავლეს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი იმგვარად იყოს დაგეგმილი, რომ ხელს უწყობდეს მოსწავლეებში ახალი იდეების გაჩენას, გენერირებას, გაზიარებას.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემოქმედებითი აზროვნებისას რამდენიმე სააზროვნო უნარის გამოყენება და ბალანსირება ხდება: სინთეზური აზროვნების უნარის, რომელიც ახალი იდეების წარმოშობის უნარია; ანალიტიკური აზროვნების უნარის, რომლის მეშვეობითაც იდეების ანალიზი და შეფასება ხდება (კრიტიკული აზროვნება) და პრაქტიკული აზროვნების უნარის – კრეატიული ადამიანი ამ უნარს თეორიის პრაქტიკად გადაქცევის, კარგი იდეის ხორცშესმისათვის იყენებს. მნიშვნელოვანია ამ სამივე უნარის განვითარების ხელშეწყობა.

აქვე უნდა ვახსენოთ ის დაბრკოლებები, რომლებმაც შესაძლოა, შემოქმედებითობის განვითარებას შეუშლოს ხელი.

კენ რობინსონი, განათლების ექსპერტი, ერთ ერთ გამოსვლაში* აღნიშნავს: „სკოლები ხელს უშლიან შემოქმედებითობის განვითარებას”. საკმაოდ მკაცრი და დამაფიქრებელი განცხადებაა. სასკოლო გარემო ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, სადაც შემოქმედებითობა უნდა ვითარდებოდეს. ექსპერტის აზრით, საჭიროა, რომ შემოქმედებითობას იგივე მნიშვნელობა მივანიჭოთ, რაც წიგნიერებას. ის მთავარ პრობლემად მიიჩნევს სკოლებში მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის უგულებელყოფას და საგნების ე.წ. „ძირითად” (მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვ.) და ”მეორეხარისხოვან” (ხელოვნება, მუსიკა) საგნებად დახარისხებას. ამგვარი მიდგომა საქართველოშიც არსებობს, მაგალითად, როცა პედაგოგები და მშობლები ითხოვენ რომელიმე საბუნებისმეტყველო საგანში საგაკვეთილო საათების გაზრდას ხელოვნების ან მუსიკის ხარჯზე. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ყველა ბავშვი ნიჭიერი იბადება”, სასკოლო განათლების დანიშნულება კი უნივერსიტეტის პროფესორების აღზრდა სულაც არ არის; სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენა და განვითარება უნდა ხდებოდეს. კენ რობინსონი აცხადებს: „შემოქმედებითობა არ არის საგანზე მიბმული”. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა საგნის ფარგლებში მისი განვითარება. მცდარია აზრი, რომ შემოქმედებითობას მოსწავლეები მხოლოდ გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე უნდა ეზიარონ.

ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს „შეცდომის დაშვების” მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების სტრატეგია უნდა დავამატოთ: “თუ არ ხარ მზად შეცდომის დასაშვებად, მაშინ ვერასდროს გაგიჩნდება ორიგინალური იდეა” (კენ რობინსონი). ეს სწორედ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც სკოლის კარის შეღებამდე თრგუნავს მოსწავლეს. შეცდომის გამო მკაცრად დასჯამ შესაძლოა მას ახალი იდეის გაჟღერების შიში ჩამოუყალიბოს. ჩვენი საზოგადოება არ ცნობდა შეცდომას, როგორც რაღაც ჩვეულებრივს. შეცდომის „ჩვეულებრივობა” დღესაც მიუღებელია პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

შესაბამისად, შემოქმედებითობის ხელის შემშლელი ფაქტორები კურუკულუმსა და კულტურულ-სოციალურ ნორმებშიც უნდა ვეძებოთ.
აქვე შეგვიძლია მოვიტანოთ ფსიქოლოგებისა და თეორეტიკოსების რამდენიმე რჩევა*:

– ხელი შეუწყვეთ იდეების წარმოშობას.
– დააჯილდოვეთ მოსწავლეები კრეატიული იდეებისათვის.
– წაახალისეთ გონივრული რისკი.
– იყავით შემწყნარებელი შეცდომების მიმართ, აქცენტი გააკეთეთ მათ გაანალიზებაზე.
– ეძებეთ სტიმულის გამომწვევი გარემო.
– დაანახეთ მოსწავლეებს კავშირი მათსა და გარემოს შორის.
– ხელი შეუწყვეთ სხვა შეხედულებების განხილვას.
– გააკეთეთ აქცენტი კითხვების დასმაზე და არა პასუხების გაცემაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური