„ახალი სქემის“ სუსხი სულ უფრო საგრძნობი ხდება“ – რა არის საათების განაწილების ახალ წესზე მუშაობის დაწყების მიზანი სპეციალისტის აზრით
საზოგადოებამ სახალხო დამცველისგან გაიგო, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის საათობრივი დატვირთვის განაწილების ახალ წესზე იმუშავებს.
მოსალოდნელი ცვლილებები მიზანი კი, როგორც განცხადებიდან გავიგეთ ასეთი უნდა იყოს:
„დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, საგაკვეთილო საათები ობიექტური კრიტერიუმებისა და მკაფიო პროცედურების საფუძველზე განაწილდეს. ამგვარი მოწესრიგება, სკოლების ავტონომიის შენარჩუნებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკის შემცირებას“.
რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საათების განაწილების წესის ცვლილება?
რას გულისხმობს განათლების სამინისტრო საათების ობიექტური კრიტერიუმებისა და მკაფიო პროცედურების საფუძველზე განაწილებაში რეალურად და რატომ ნიშნავს ეს პროცესი პროტექციონიზმის ახალი ტალღის დაანონსებას, საკუთარ მოსაზრებაში ხსნის განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კორდინატორი და პროფესორი ნიკო სილაგაძე, რომლის მოსაზრებასაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
“ახალი სქემის სუსხი” სულ უფრო საგრძნობი ხდება.
სამინისტროს დღევანდელ ადმინისტრაციას სათავეში რომ უდგას, იმ ხალხის ენაზე “ობიექტური კრიტერიუმები” ნიშნავს: გაკვეთილების შეფასების, მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკებისა და სხვა ანტიპედაგოგიკური ბიუროკარტიის გამრავლებას (და ამ ბიუროკრატიის პედაგოგებზე ზემოქმედებისთვის გამოყენებას);
– “მკაფიო პროცედურები” კი გულისხმობს “ახალი” სქემის მთელი სიგრძე-სიგანით ამოქმედებას (რათა მასწავლებელთა სახლმა და სამინისტროს რესურცენტრებმა ფუნქციები გაიმრავლონ და კონტროლი გააძლიერონ).
ხელფასებთან დაკავშირებული ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არას ტექნოკრატიზაციისა და პროტექციონიზმის ახალი ტალღის დაანონსება.
არსებობს ასეთი ანდაზა: “როცა ხელში მხოლოდ ჩაქუჩი გიჭირავს, გარშემო ყველაფერი ლურსმანი გგონია”.
ჩვენს სამინისტროზეა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი – უჭირავთ ხელში “ავტორიზაციაზე დამყნული სქემა” და ჰგონიათ, რომ ამ ჩაქუჩით:
(1) უფრო მეტად გაძლიერებენ და გაამრავალფეროვნებენ რეპრესიულ აპარატს (მმართველი პარტიის სასარგებლოდ “ჰიბრიდული რეპრესიების” უფრო ეფექტურად საწარმოებლად და ხელისუფლების ნდობის შესანარჩუნებლად);
(2) სარჩოს მონატრებულ კლიენტელასაც მეტად შემოიმტკიცებენ და შემოიმრავლებენ გარშემო. კერძოდ:
– ფუნქციებითა და საწევროებით უფრო მეტად დაპურებენ ისედაც მილიონებთან მოთამაშე პროფკავშირს;
– “საქმეს” და ცენზს შემატებენ რესურსცენტრებს (რეგიონულ დონეზე რიგი სარფიანი საქმეების “გასაიმასქნებლად”);
– მასწავლებელთა სახლში წყალობის მომლოდინე “ტოპტრენერების”, ხარისხის ცენტრში კი “ტოპშემფასებლების” რიგს დააყენებენ (ანუ, დროებით რაღაცაზე დასაქმების იმედად ზემდგომებზე ხელისშემყურეთა არმიას გაამრავლებენ).
– ის ხალხიც მადლობელი დარჩებათ, რომლებიც სქემის და ავტორიზაციის კუსტარულ ტრენინგებსა და კონსულტაციებს სთავაზობს მასწავლებლებს (თან კი ერთმანეთს კონკურენტის თვალით უყურებენ და არაკომპეტენტურობაში ისე ამხელენ, თითქოს მართლა განათლების სფეროსთვის აქტუალურ საკითხს შეეხებოდეს მათი ღიმილისმომგვრელი კონსულტაციები);
(3) ვიღაცას შეიძლება იმისიც სჯერა, რომ განათლების ხარისხზე ასეთი ტიპის ტექნოკრატია ახდენს გავლენას (ფიქრობს, რომ შეფასების რუბრიკების გამოყენება და პროცედურების დაცვა თუკი უფრო ხისტად იქნება მოთხოვნილი ამის გამო განათლების ხარისხი და მის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე რეალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია).
შეიძლება გულიანად იცინო კიდეც, როცა არაკომპეტენტური, მდაბიო გემოვნების, ანგარებით მოტივირებული პატარა ადამიანების ამ “ვირ-ეშმაკობას” უყურებ. თუმცა, იცინე და იყავი – განათლების სისტემას ეს ხალხი აკონტროლებს. თანხებსაც უხვად ინაწილებენ და იმის ამბიციაც აქვთ, რომ საზოგადოებას თავი განათლების წესიერ მუშაკებად / წესიერ ადამიანებად მოაჩვენონ”.
ასევე იხილეთ:
-
საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებული სასკოლო პროგრამების განხორციელების წესი იცვლება – საფასური და ახალი დათქმები
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე 6 წელს მიუღწეველი ბავშვების საკითხზე მშობლებს მიმართავს – „ამ ბავშვებს შევუნარჩუნოთ ბავშვობა“
by ARIS.GE-განათლება
-
6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვის მოთხოვნა პარლამენტის კომიტეტმა ხელმოწერებთან დაკავშირებული მიზეზით დაახარვეზა
by ამბები ზოგადი განათლებიდან